მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო ასოციაცია TBC-ს მხარს უჭერს და მხარეებს ინსინუაციებისაგან თავის შეკავებას ურჩევს

5c665a151ea54
BM.GE
15.02.19 10:17
1095

საქართველოს საბანკო ასოციაცია მისი წევრი "თიბისი ბანკის" ირგვლილ შექმნილ ვითარებას ეხმიანება, რომელიც უკავშირდება ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ხელმოწერის უფლების შეჩერებას და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნის საკითხს.

"თიბისი ბანკი" არის ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში (FTSE250) და იმართება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. "თიბისი ბანკი" ფინანსური მაჩვენებლებით არა თუ ქვეყნის, არამედ რეგიონის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია. აღნიშნული გვაძლევს უფლებას სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება არ იქონიებს გავლენას "თიბისი ბანკის" სამომავლო განვითარებაზე და მის სტრატეგიაზე.

მისასალმებელია "თიბისი ბანკის" მენეჯმენტის გადაწყვეტილება, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი გზები და სასამართლოს მეშვეობით დაიცვას აქციონერების და ბანკის ინტერესები.

საქართველოს საბანკო ასოციაცია მხარს უჭერს "თიბისი ბანკს" და ყველა "თიბისელს" და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს თავი შეიკავონ ზედმეტი ინსინუაციებისაგან", – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა.

სებ–ის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია "თიბისი ბანკის" შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.

"საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა", – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები