საბანკო ასოციაციაში ელიან, რომ წლის ჭრილში კომერციული ბანკების დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა იქნება.
აღსანიშნავია, რომ დაკრედიტების ტემპი შედარებით შენელებულ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. თუკი მიმდინარე წლის დასაწყისში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა 17-18%-ის ფარგლებში იყო, უკვე სექტემბერში ეს მაჩვენებელი 13%-ის ფარგლებშია.
როგორც ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ BMG-ის განუცხადა, ბიზნესი მიმდინარე წელს გარკვეულწილად მოლოდინის რეჟიმში იყო, რამაც მათ შორის საკრედიტო აქტივობაზეც მოახდინა გავლენა.
ასოციაციაში ელიან, რომ წლის ჭრილში საბანკო სექტორში როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების და აქტივების ნაწილში ორნიშნა ზრდა იქნება, რაც მათი შეფასებით, ჯანსაღი მაჩვენებელია.
“წლიდან წლამდე ჩვენ ერთი და იგივე შედეგები არ გვაქვს. ზოგ პერიოდში ზრდა არის, ზოგ პერიოდში მცირედი ჩამორჩენა. არ დაგვავიწყდეს, რომ დღევანდელი წელი მაინც არჩევნების პერიოდი იყო. შესაბამისად, ყველა მოლოდინის რეჟიმში იყო და საინვესტიციო თუ საფინანსო გადაწყვეტილებების მისაღებად შემოდგომისკენ იყურებოდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ დეპოზიტების პორტფელი არის გაზრდილი, რაც იმის მანიშნებელია, რომ მეოთხე კვარტალში ბიზნესი სავარაუდოდ, გამოიყენებს ამ დეპოზიტებს, რომ მომავალი წლისთვის მოემზადონ, შეიძლება კაპიტალდაბანდებებიც გააკეთონ. ამიტომაც ვთვლით, რომ საკრედიტო რესურსებზეც მოთხოვნა გაიზრდება. შესაბამისად, ქვეყანა წლის ბოლოს ძალიან დამაჯერებელი, ორნიშნა ზრდის მაჩვენებლით შეხვდება.
მოლოდინია, რომ ორნიშნა ზრდის მაჩვენებლები გვექნება სესხებში, დეპოზიტებში და საბანკო აქტივებშიც. ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე საბანკო აქტივები დაახლოებით 110 მილიარდ ლარს გაუტოლდება”, - განაცხადა დავით რუსიამ.




























