მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბანკო რეგულაციებიდან" 7 თვე - რა მდგომარეობაა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე

5d4ab9ae20c76
ლიკა გურაბანიძე
08.08.19 10:25
1200
საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 7 თვის თავზე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობენ.

როგორც ისინი BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავენ, გაყიდვების ზრდის მიზეზი არსებული სიტუაციიდან გამოსასვლელად დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები და შიდა განვადებების სისტემის ამოქმედება გახდა.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ბეკო-საქართველოს" ხელმძღვანელის მეჰმედ მელექის განცხადებით, საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 7 თვის თავზე, კომპანიას გაყიდვების დაახლოებით, 20%-25%-იანი ზრდა აქვს.

„ჩვენ გარკვეული მარკეტინგული ნაბიჯები გადავდგით და ამან გავლენა იქონია. 2019 წელს მაღაზიები გავხსენით და ახალი ბრენდები შემოვიყვანეთ. ლარის კურსი ამ დრომდეც მერყეობდა, მაგრამ ჩვენ ფასები არ გაგვიზრდია,“ - განაცხადა მეჰმედ მელექმა. 

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გაყიდვების ზრდა აქვს და "ბეკოს" პროდუქციაზე მოთხოვნაც არის, კომპანია მოგებაზე ვერ გადის, რადგან საბანკო რეგულაციებმა ბიზნესზე გარკვეული გავლენა მაინც იქონია.


7 თვის თავზე ბიზნესში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებასთან ერთად გარკვეულ კატეგორიებში გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობენ „ელიტ ელექტრონიქსიც“, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი კონკრეტულ ციფრს კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, არ ასახელებს.


„ჩვენ ახალი პროდუქტი - შიდა განვადება დავამატეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ რეგულაციების ფონზე მომხმარებლებს ახალი პროდუქტი მივაწოდეთ",  - განმარტეს „ელიტ ელექტრონიქსში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები