მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 2 თვეში მთავრობა მათ შერბილებაზე ალაპარაკდა

5c9cf16d6c62e
BM.GE
28.03.19 20:08
7721
ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში,შესაძლოა, ცვლილება შევიდეს და რეგულაცია გარკვეულწილად შერბილდეს.

შეიძლება მოხდეს კოეფიციენტის კორექტირება, სხვადასხვა ელემენტის კორექტირება, მაგრამ ვექტორები და მიმართულებები არ შეიცვლება,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ახალი სისტემის შესახებ განაცხადა, რომლის ფარგლებშიც ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემა შეიზღუდა.

„ჩვენ ავირჩიეთ მიმართულება, რომელსაც არ გადავუხვევთ. ამ მიმართულების შიგნით შეიძლება მოხდეს რაღაც განსაზღვრული ციფრების კორექტირება. შეიძლება მოხდეს კოეფიციენტის კორექტირება, სხვადასხვა ელემენტის კორექტირება მიმართულების შიგნით, მაგრამ ვექტორები და მიმართულებები არ შეიცვლება. ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ვაკვირდებით და ამის შედეგად შეიძლება მოხდეს კორექტირება ან არ მოხდეს. როცა შეგროვდება სტატისტიკური ინფორმაცია, მერე მივხვდებით, რისი კორექტირება გვინდა. შეიძლება, სულაც ისე მოხდეს, რომ არაფერიც არ დაგვჭირდეს. ჩვენ როცა ვიღებდით ამ რეგულაციებს, ზუსტად იმიტომ იყო ეს რეგულაციები მიღებული, რომ ვიღაც განსაზღვრულ პიროვნებებს ეს სესხი ვერ აეღოთ, ვისაც არ ჰქონდა ამის გასტუმრების საშუალება. სრულად ამ რეგულაციების გაუქმება აბსოლუტურად გამორიცხულია. ჩვენ არჩეულ ვექტორებს არ გადავუხვევთ. ეს რეგულაციები არის იმისთვის განსაზღვრული, რომ დავიცვათ მოსახლეობა და განსაკუთრებით, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი შრეები იმისგან, რომ არ აიღონ უაზრო კრედიტები“,- განაცხადა ქობულიამ.

2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებული ნორმით, თითოეული მოქალაქისთვის დაწესდა ის ჰიპოთეტური ჭერი, რაც მან სესხის სახით შეიძლება აიღოს.

მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალია თვეში 2000 ლარი, თქვენ არ შეგიძლიათ აიღოთ სესხი, რომლის მომსახურებაც თვიურად 900 ლარს აჭარბებს.
4 საშემოსავლო კატეგორია და მათთვის განსაზღვრული ჭერი ასეთია:

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 35%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 350 ლარს);

2) თვეში 1000-2000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 45%-ს (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 900 ლარს);

3) თვეში 2000-4000 ლარამდე, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც არ აღემატება 55%- (მაქსიმალური შემოსავლის შემთხვევაში 2200 ლარს);

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, შეგეძლებათ აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, თქვენი შემოსავლის 60%-ს არ აღემატება.

საბანკო რეგულაციებმა ყველაზე მეტად სესხებთან წვდომა შედარებით დაბალშემოსავლიან და თვითდასაქმებულ პირებს გაურთულა, რამაც უკვე ხელშესახები გავლენა იქონია ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე. დაეცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის და სხვა პროდუქტების გაყიდვები. ამის მიზეზია ის, რომ ამ პროდუქტებზე მოთხოვნას ხელს სწორედ საგანვადებო სესხები უწყობდნენ, მათ გარეშე კი, გაყიდვები შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები