საბანკო რეგულაციების გავლენა iTechnics-ზე - რას ელოდება კომპანია "TBC ბანკისა" და "საქართველოს ბანკისგან"?
ლევან თაღიაშვილი
06.02.19 10:15
• 2156
კომპანია iTechnics-ის მარკეტინგის მენეჯერის გვანცა გუგეშაშვილის განცხადებით, ახალი საბანკო რეგულაციების გამო, შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიაში შიდა რეორგანიზაცია მიმდინარეობს.
ასე უპასუხა iTechnics-ის მარკეტინგის მენეჯერმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც შეეხებოდა საბანკო რეგულაციების გავლენას განვადებების რაოდენობაზე და ზოგადად კომპანიის მუშაობაზე, რადგან როგორც ცნობილია, 1 იანვრიდან საქართველოს საფინანსო ბაზრისთვის „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ მოთხოვნები ამოქმედდა და ბანკებსა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს მსესხებლის შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხების გაცემა შეეზღუდათ. ასევე, ქვეყანაში დადგინდა კოეფიციენტების სისტემა, რომლის დაკმაყოფილებაც ყველა მსესხებლისთვის სავალდებულოა. კოეფიციენტები განსაზღვრავენ, რა შეიძლება იყოს თქვენ მიერ აღებული სესხის მაქსიმალური მოცულობა.
გვანცა გუგეშაშვილი ამბობს, რომ განვადებების რაოდენობაზე ნეგატიური ზეგავლენა, ძირითადად, 2018 წლის ზაფხულიდან შეინიშნება, ანუ იმ პერიოდიდან, როცა ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის შედეგადაც, ბანკებს შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ.
„ამ ეტაპისთვის, ბანკები ჯერ კიდევ გადალაგების პროცესში არიან; მხოლოდ VTB ბანკის შემთხვევაში არის კონკრეტული სიახლე, რომლის თანახმად, ბანკმა განვადების ვადა 4 წლამდე გაზარდა; აქამდე კი, მხოლოდ 12-დნ 24 თვემდე იყო, თუმცა ძირითად ბანკებს - „საქართველოს ბანკს“ და „თიბისი ბანკს“, ჯერ-ჯერობით, ველოდებით, რომ განვადებების ჯამური პერიოდი მათაც გაახანგრძლივონ“, - აღნიშნა მან.
Bm.ge-თან საუბარში iTechnics-ის მარკეტინგის მენეჯერი იმასაც აღნიშნავს, რომ სესხის გასაცემად და შესაბამისად, განვადების დასამტკიცებლად, ხშირად თავდების მოყვანაც არაა საკმარისი.
„შარშან ზაფხულის შემდეგ, შემოსავლის დადასტურებას როცა ითხოვს ბანკი, მომხმარებელს ხშირად ეზარება და საერთოდ აღარ ბრუნდება ამონაწერით ან შეიძლება, მოიყვანოს თავდები და ესეც არ იყოს საკმარისი, რომ სესხი გაიცეს შესაბამის მომხმარებელზე“, - განაცხადა გუგეშაშვილმა და დასძინა, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით, შესაბამისი საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიაში შიდა რეორგანიზაცია მიმდინარეობს.