მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპის შენელება გაუარესებულ ბიზნეს კლიმატს უკავშირდება - ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპის შენელება ქვეყანაში გაუარესებულ ბიზნეს კლიმატს უკავშირდება.

საქმე ისაა, რომ საბანკო სექტორში დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით შენელებულ მაჩვენებელზე ნარჩუნდება. ნოემბერში კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა 13.7% შეადგინა. შედარებისთვის, მიმდინარე წლის დასაწყისში საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა 17-18%-ის ფარგლებში იყო.

როგორც ხიშტოვანმა BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, განსაკუთრებით საყურადღებოა დაკრედიტების ტემპის შენელება ბიზნეს სესხების მიმართულებით, რაც მისი შეფასებით ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება - ერთი მხრივ, ბანკების მიერ გამკაცრებულ მიდგომებს, მეორე მხრივ, კი თავად მსხვილი კომპანიების მხრიდან კრედიტზე მოთხოვნის შემცირებას.

“პირველ რიგში, უნდა შევაფასოთ დაკრედიტების ტემპი, ანუ რამდენად იზრდება საბანკო პორტფელი. აქ შეიძლება ვთქვათ, რომ არის დაღმავალი ტრენდი. წლის დასაწყისიდან დაკრედიტების ტემპი შენელებულია. დაკრედიტება მინიმუმზე იყო დასული ოქტომბრის მონაცემებით, 12,7%-მდე. ნოემბერში გვქონდა მცირე ზრდა და პორტფელის ზრდის ტემპი 13,7% დაფიქსირდა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის სეგმენტების მიხედვით ჩაშლა და აქ საკმაოდ საყურადღებო სურათი გვაქვს. საყურადღებო არის ის, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა ამ დაკრედიტების პორტფელის ზრდის არის სამომხმარებლო სესხები. აქ ზრდა არის ნოემბრის მონაცემებით დაახლოებით 21,5%. მსხვილი ჯგუფები რომ ავიღოთ, ეს მსხვილი ჯგუფი არის მაგალითად, იპოთეკური სესხები, ბიზნეს სესხები. აქ ზრდა არის 10-11%. ცოტა ნაკლები არის იპოთეკურ ნაწილში, უფრო მეტი არის ბიზნეს სესხებში.

აქ გავამახვილებდი ყურადღებას რომ თვითონ ბიზნეს სესხებშიც ორნაირი სურათია, ჩაშლა არის მსხვილი ბიზნესი და SME, მცირე და საშუალო ბიზნესი. SME-ში ზრდა არის მაღალი, საკმაოდ დაბალი ზრდა გვაქვს პორტფელის ზრდის ნაწილში მსხვილი ბიზნესის მიმართულებით.

მეორე საკითხი, რაზეც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, ეს არის მომგებიანობის მაჩვენებელი საბანკო სექტორში. აქ ვხედავთ სურათს, რომ 11 თვის მონაცემების მიხედვით მომგებიანობა წინა წელთან შედარებით არის 4%-ით გაზრდილი. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მაღალი ზრდა, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ეს არის პირველ რიგში ინფლაციის მაჩვენებელი ეკონომიკაში, სტაბილური გაცვლითი კურსი და ა.შ. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი, რომ მომგებიანობის მხრივ განსაკუთრებით კარგი წელი ჰქონდა საბანკო სექტორს 2025 წელს.

ჩემი აზრით, აშკარაა, რომ პორტფელის ზრდის ტემპის შენელება არის გამომდინარე ცოტათი გაუარესებული ბიზნეს კლიმატისგან. არის მაგალითად შემთხვევები, როდესაც ვიცით, რომ კონკრეტული სექტორების შემთხვევაში, თვითონ საბანკო სფერო არის ფრთხილად და ერიდება ახალ დაკრედიტებას. მაგალითად, ეს ყველაზე თვალსაჩინო არის დეველოპმენტის და მშენებლობის სექტორში. მაგრამ მეორე მხრივ, ჩემი დაკვირვებით, სხვა სექტორებშიც აშკარაა, შემცირებული მოთხოვნა კრედიტზე. ამას შემდეგნაირად ავხსნიდი, როდესაც ჩვენ მშპ-ს მონაცემები პირდაპირ გვეუბნება, რომ მრეწველობის, ვაჭრობის სექტორების ზრდა არის დაბალი, როგორც წესი, ასეთ დროს ბიზნესები ფრთხილობენ და არ რისკავენ ახალი მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას და შესაბამისად უკვე გასაგები ხდება, რომ პორტფელის ზრდა არ უნდა იყოს მოსალოდნელი საბანკო სექტორში.

რაც შეეხება მომგებიანობის ნაწილს, ვფიქრობ, საკმაოდ მაღალი იქნება კორელაცია პორტფელის ზრდასა და მომგებიანობას შორის. როდესაც სწრაფად იზრდება პორტფელი, რა თქმა უნდა, მომგებიანობის მაჩვენებელიც უფრო სწრაფად იზრდება. რაც უფრო ნელა იზრდება პორტფელი, მით უფრო ნელა იზრდება მომგებიანობა. აქედან გამომდინარე, შეხედავ პორტფელის ზრდის მაჩვენებელს და მიხვდები, რომ სავარაუდოდ, ბანკების მომგებიანობის ზრდის ტემპიც უნდა იყოს შენელებული”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, 2025 წლის 11 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.98 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები