საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი აგვისტოსათვის 14.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 448.9 მლნ ლარით ანუ 3.1 პროცენტით მეტია პირველი ივლისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 3.0 პროცენტი). ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 272.9 მლნ ლარით ანუ 3.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 3.2 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 176.0 მლნ ლარით, ანუ 2.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.6 პროცენტით).
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 31.15 პროცენტი შეადგინა - პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით 1.60 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.55 პროცენტული პუნქტით ნაკლები).
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 4.1 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.0 პროცენტი შეადგინა.
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით 224.1 მლნ ლარით (1.4 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.2 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 16.6 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 156.5 მლნ ლარით (2.8 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 67.6 მლნ ლარით (0.6 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.4 პროცენტით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის ივლისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.9 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 9.4 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 5.9 მლრდ ლარის (0.7 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით ნაკლები).
2016 წლის ივლისის განმავლობაში 1.2 პროცენტით ანუ 95.3 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.97 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.53 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

























