მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების და საკრედიტო დაბანდების მოცულობა შემცირდა

58d4efdf0e6d3
BM.GE
24.03.17 14:06
1065
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი მარტისთვის 16.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 619.1 მლნ ლარით ანუ 3.6 პროცენტით ნაკლებია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით ნაკლები). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 508.8 მლნ ლარით ანუ 5.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 110.2 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით).

მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 29.56 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.47 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.0 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2017 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 451.7 მლნ ლარით (2.4 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და 2017 წლის პირველი მარტისთვის 18.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 153.4 მლნ ლარით (2.3 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 605.0 მლნ ლარით (4.8 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.3 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.5 მლრდ ლარის (3.2 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.3 პროცენტით მეტი).

2017 წლის თებერვლის განმავლობაში 1.9 პროცენტით ანუ 184.9 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 9.4 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.31 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.59 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები