მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტებისა და საკრედიტო დაბანდების მოცულობა შემცირდა

57e903dad3aa3
BM.GE
26.09.16 15:16
1185
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი სექტემბრისათვის 14.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 234.8 მლნ ლარით ანუ 1.6 პროცენტით ნაკლებია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე კლებამ შეადგინა 0.3 პროცენტი).
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 5.2 მლნ ლარით ანუ 0.1 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ შეადგინა 1.5 პროცენტი), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 240.0 მლნ ლარით, ანუ 3.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 2.7 პროცენტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 31.15 პროცენტი შეადგინა - პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით 0.13 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.52 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.1 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 13.5 პროცენტი შეადგინა.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2016 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით 185.6 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.1 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 16.4 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 64.1 მლნ ლარით (1.1 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 249.7 მლნ ლარით (2.3 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.5 პროცენტით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის აგვისტოს ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.3 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 5.7 მლრდ ლარის (3.5 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.7 პროცენტით ნაკლები).

2016 წლის აგვისტოს განმავლობაში 0.1 პროცენტით ანუ 5.8 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 8.1 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.76 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.37 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები