საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე BM.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხების პორტფელმა ზრდა შეწყვიტა და გარკვეულ ნაწილში შემცირებაც დაიწყო. ძნელაძის თქმით, საფინანსო ბაზარს ცვლილებები უკვე მაისის შემდგომ შეეტყო. სწორედ 2018 წლის 7 მაისს შევიდა ძალაში ეროვნული ბანკის რეგულაცია, რომლითაც ბანკებს სესხების შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემაზე ლიმიტები დაუდგინდათ. ხოლო, 2019 წლიდან ფიზიკური პირების დაკრედიტების წესების ცვლილებების შემდგომ, ეს ბაზარი სავარაუდოდ, კიდევ შემცირდება.
ალექსანდრე ძნელაძის თქმით, დღეს ფიზიკური პირების დაკრედიტების წესების მრავალი ასპექტი სებ-ის მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებული პროექტისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
“დიდი ნაბიჯი გადმოდგა ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორის მხარეს, რომ გადაწია 2019 წლის პირველ იანვრამდე. თავად რეგულაციებიც საკმაოდ არის შეცვლილი პირველი ვერსიისგან. მაგრამ აქვე ვამბობ, რომ ისევ ისეთი კომპლექსურია ეს რეგულაცია. ამავდროულად, მაისის შემდგომ უკვე შეეტყო სამომხმარებლო სესხების ბაზარს ცვლილებები. 7 მაისს ამოქმედებული ცვლილების შედეგად, სამომხმარებლო სესხების პორტფელმა შეწყვიტა ზრდა და გარკვეულ ნაწილში შემცირებაც დაიწყო,”- ამბობს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი.
კითხვაზე კონკრეტულად რა ცვლილებებზე მიმდინარეობს ამ დროისთვის სებ-სა და ბანკებს შორის განხილვა, ძნელაძე პასუხობს, რომ ერთერთი განსახილველი საკითხი შემოსავლების დადასტურებოს მოთხოვნებია. ამის მიზეზი კი ქვეყანაში არაფორმალური სექტორის განსაკუთრებულად დიდი ზომაა, რის გამოც, ათასობით მოქალაქის შემოსავალი შემოსავლების სამსახურში აღრიცხული არაა.
“მაგალითად, როდესაც მოქალაქის დეკლარირებული შემოსავალი ნაკლებია თვეში 400 ლარზე, ეს ხშირ შემთხვევაში არის ისეთი გარემოება, როდესაც ადამიანებს ამას გარდა აქვთ დამატებითი შემოსავლებიც, თუმცა ოფიციალური ჩანაწერები ამ შემოსავლების შესახებ არ არსებობს. მაგალითად, რეპეტიტორების, ტაქსისტების, სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულების ან ფულად გზავნილებზე მცხოვრები პირებისთვის. ზუსტად სოფლის მეურნეობაში აღრიცხვიანობის დიდი პრობლემაა. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ მაქსიმალურად სწორად ავსახოთ ეს ყველაფერი ამ რეგულაციაში, რათა არ წარმოიშვას დამატებითი პრობლემები,”- ამბობს ძნელაძე.
ფიზიკური პირების დაკრედიტების წესების ცვლილება მიზნად ქვეყანაში ჭარბვალიანობის შემცირებას ისახავს. ამ რეგულაციების ძალაში შესვლის შემდგომ, შემოსავლების დადასტურების გარეშე მნიშვნელოვნად შეიზღუდება სესხების გაცემა. ამავდროულად, მოქალაქეთა შემოსავლების მიხედვით დგინდება სპეციალური სასესხო კოეფიციენტები, ბანკებს ეკრძალებათ გასცენ იმაზე დიდი მოცულობის სესხი, ვიდრე ამას შემოსავლების კოეფიციენტები ითვალისწინებს.