2016 წელს სესხების 35% იყო ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული, 2018 წლისთვის ეს მაჩვენებელი 44%-მდე გაიზარდა, 2020 წელს ლარის გაუფასურების გამო 43%-მდე შემცირდა, 2021 წლიდან კი ლარიზაციის წილმა 48%-ს მიაღწია, 2022 წლის აპრილში კი კრედიტების 50%-ს გადააჭარბა.
"კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 534.61 მლნ ლარით (1.24%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.15%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 43.65 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 452.74 მლნ ლარით (2.06%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 81.87 მლნ ლარით (0.39%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.23%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.82 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.74%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.40 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.77%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.61%-ით მეტი).
2022 წლის ივნისის განმავლობაში 1.03%-ით, ანუ 229.41 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 22.58 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 51.37 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.41 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.04 პროცენტული პუნქტით)," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




























