მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო სფეროდან მხატვრობაში, - ლონდონში ქართველი ემიგრანტების პორტრეტები გამოიფინა

5984e37227235
თამუნა მინჯია
05.08.17 13:00
1842

მხატვრის პროფესიის არჩევამდე, ანა კანდელაკმა-სტაინჰაუზმა თავისი ცხოვრება საბანკო საქმიანობას დაუკავშირა. საქართველოსა და დიდი ბრიტანეთში საფინანსო განათლების მიღების შემდეგ, ლონდონში საბანკო კარიერას 15 წელზე მეტი დაუთმო, თუმცა 2013 წელს საბანკო სექტორის დატოვება გადაწყვიტა. ანას სურვილი აქვს უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილი ქართველების პორტრეტების გალერეა შექმნას და სჯერა, რომ ჩანაფიქრს წარმატებულად განახორციელებს. 5 ივლისს ლონდონის ხელოვნების აკადემიის დარბაზში ოთხი კურსდამთავრებულის სადიპლომო გამოფენა მოეწყო, მათ შორის ერთ-ერთი ქართველი ანა კანდელაკი-სტაინჰაუზი იყო.

-ქალბატონო ანა, როდის აღმოაჩინეთ, რომ ხატვის ნიჭი გქონდათ, პირველი ნამუშევრები როდის შექმენით და რომელ ჟანრზე გააკეთეთ არჩევანი?

-მხატვრული ფერწერა დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად მარტივი კომპოზიციის ნატურმორტებით, შემდეგ კი პეიზაჟებისა და პორტრეტების ხატვით დავინტერესდი. რის შედეგადაც გადავწყვიტე ფერწერა ლონდონის აკადემიაში ( The Art Academy) შემესწავლა.

-თქვენი თავდაპირველი პროფესიით თუ გიმუშავიათ და სად?

-უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე. 2000 წელს კი ინგლისში ჩამოვედი ბრიტანეთის საკონსულოს დაფინანსებით MBA (Masters of Business Administration) -ის სასწავლებლად. რის შედეგადაც საბანკო კარიერას შევუდექი და „სითიში“ თხუთმეტიოდე წელი ვიმუშავე.

- ლონდონის The Art Academy-ში თქვენი ნამუშევრები გამოიფინა, როგორი გამოხმაურება მოჰყვა მას?

- The Art Academy-ში ჩემი ნამუშევრების გამოფენა ჩემთვის სამხატვრო სამყაროში დებიუტი იყო. ჩემი გამოფენა 'Home Away from Home' (`სახლიდან მოშორებით სამშობლოში)`, საქართველოში მცხოვრებ ქართველი ემიგრანტების თემატიკას მივუძღვენი. გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია და მაღალი შეფასება მიიღო სამხატვრო აკადემიის, ექსპერტების და საზოგადოების მხრიდან. მე კი პირადად გამიხარდა, რომ საშუალება მომეცა საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ საუბარი. გამოფენაზე ხუთი პორტრეტი მქონდა წარდგენილი. ერთი მათგანი ასახავს ლონდონში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გადმომეცა ერთის მხრივ ემიგრანტის სევდისა და ეგრეთ წოდებული ორმაგი დაუსწრებლობის შეგრძნება და მეორეს მხრივ სამშობლოს უზომო სიყვარულის ასახვა. პორტრეტების უკანა ფონზე გამოხატულმა ქართული მემკვიდრეობის ნიმუშებმა: მეტეხის ტაძარმა, გორგასლის ძეგლმა, სამების ეკლესიის ჩუქურთმებმა და ბერძენიშვილის `მუზამ` მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ჩემი მეუღლე, რობერტ სტაინჰაუზი, საქართველოს დიდი მოსიყვარულეა. სხვანაირად ვერც წარმომედგინა. ის ღრმად აფასებს საქართველოს უძველეს კულტურას, ხელოვნებას, ტრადიციებს და სტუმართმოყვარეობას.

რობერტი ბიზნესმენი და ამავე დროს ქოუჩინგის და NLP (Neuro Linguistic Programming)-ის ლექტორია.

-როგორია თქვენი ხედვა ადამიანის წარმატების ფორმულაზე?

-ჩემი აზრით, ადამიანისთვის წარმატების ფორმულა პირველ რიგში საკუთარი საქმის სიყვარულია. როგორც ჩინელმა ფილოსოფოსმა, კონფუციუსმა აღნიშნა: `აირჩიე ხელობა, რომლიც გიყვარს და არც ერთი დღე აღარ მოგიწევს მუშაობაო`. მე ვთვლი, რომ საბედნიეროდ მე საბოლოოდ მივაგენი ჩემს მოწოდებას.

-საქმიანი ურთიერთობები თუ გაქვთ საქართველოში და რა სფეროში?

-საქართველოში საქმიანი ურთიერთობები არ მაქვს, თუმცა მე და ჩემი მეუღლე ინგლისიდან ქართულ საქველმოქმედო და კულტურულ სფეროებში ვმონაწილეობთ.

-როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

-უახლოეს მომავალში ვგეგმავ რომ გავაგრძელო ქართველ ემიგრანტების ასახვის თემა. მინდა შევქმნა გალერეა უცხოეთში მოღვაწე ქართველებისა, ვინც საქართველოს კულტურის და წარმატების დესპანები არიან.

ასევე ვფიქრობ დავუბრუნდე პეიზაჟების ფერწერას. საქართველო ხომ ამისთვის ამოუწურავი წყაროა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები