მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბავშვო და საოჯახო ტექსტილის გალერეა "ციმ.ციმი" ნეაპოლში სივრცის გახსნას გეგმავს

ციმციმ

საბავშვო და საოჯახო ტექსტილის გალერეა „ციმ.ციმი“ იტალიაში, კერძოდ, ნეაპოლში ფიზიკური სივრცის გახსნას გეგმავს, სადაც მათი ეკომეგობრული პროდუქცია გაიყიდება. ამის შესახებ "ციმ.ციმ"-ის დამფუძნებელმა, ანა აბაშიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ტექსტილის საწარმო "ციმ.ციმი" დაახლოებით სამი წლის წინ გამოჩნდა. საწარმომ პროდუქციის უნარჩენო წარმოების პრინციპით დამზადება, ხოლო შესაფუთად მხოლოდ ქაღალდის ბაზისზე დამზადებული ტარას გამოყენება დაიწყო. „ციმ.ციმის“ სოციალური პასუხისმგებლობა აქ არ სრულდება, საწარმოში უფასოდ ასწავლიან ჭრა-კერვას და წარმოების თანმდევ პროცესებს იმ ქალებს, რომელთაც პროფესია არ აქვთ. ამ დროისათვის „ციმ.ციმში“ 6 ადამიანია მუდმივად დასაქმებული, რომლებიც ეკო ნაწარმს ქმნიან. კომპანიას რუსთავში ერთი ფიზიკური მაღაზიაც აქვს.

"ციმ.ციმის" დამფუძნებელი ანა აბაშიძე ახლა უკვე საექსპორტო მიმართულებებით გააქტიურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თავდაპირველად, როდესაც წარმოება დაიწყეს, პროდუქცია ერთეულად იტალიაში, საბერძნეთსა და აშშ-შიც იგზავნებოდა. თუმცა, იტალიის ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები, განაპირობა ის, რომ ამ ბაზარზე ფეხი მოეკიდათ და ფიზიკური სივრცე გაეხსნათ.

„ნეაპოლში გვინდა ფიზიკური სივრცის გახსნა. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გამომდინარე იქიდან, რომ იტალია არის ქვეყანა, სადაც რიცხობრივად ყველაზე მეტი ქართველია ემიგრაციაში წასული, ძირითადი დატვირთვა საბავშვო და საოჯახო ტექსტილზე იქნება. ანუ ჩვენ აქცენტი სწორედ ამ მიმართულების ექსპორტზე გვექნება. იტალიაში ფიზიკური სივრცის გახსნისთვის, ინვესტიცია სრულად ჩვენი რესურსი იქნება“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე ცნობით, იტალიის ბაზრის პარალელურად, თბილისის დიდ მოლებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, შესაბამისად იგეგმება, რომ წელს, სექტემბრისთვის ახალი ფიზიკური სივრცე თბილისის რომელიმე სავაჭრო ცენტრშიც გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები