30–31 მაისს, მზიურის პარკში, ბავშვებისა და უფროსებისთვის მრავალფეროვანი აქტივობები იგეგმება. კერძოდ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „World Vision საქართველოს” თანამედროვე ხელოვნების სივრცის „კუბი კონტექსტში” და სოციალური პლატფორმა „სინათლის მანდალას” კოლაბორაციით „ბავშვთა დაცვის დღის ზეიმი" გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიების მიზანია ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებისთვის შეხსენება, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს უსაფრთხო, ჯანსაღ, ბედნიერ ბავშვობას, რომელიც მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელია. ასევე, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მშობლების მხარდაჭერა და გაძლიერება და ბავშვებისთვის ჯადოსნური დღეების მოწყობა. ეს ნიშნავს, რომ ღონისძიებაზე მოსულ ყველა ბავშვს და უფროსს ექნება შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ ჩაერთოს სხვადასხვა სესიებში, ვორქშოფებსა და თამაშებში.
კერძოდ, მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სხვადასხვა სპეციალისტის შემეცნებით შეხვედრებს, დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიიღონ სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც პოზიტიურ მშობლობაში დაეხმარებათ. პარალელურად, პატარები ჩაერთვებიან მრავალფეროვან აქტივობებში — თამაშებში, არტთერაპიაში, შემოქმედებით და გასართობ სივრცეებში.
ყველა აქტივობა ტარდება მზიურის ქვედა სივრცეში „კუბი კონტექსტში” და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
სახალისო და შემეცნებითი ვორქშოფები ბავშვებისთვის
- კითხვის საათი პატარებისთვის - „ახლა შეგიძლია მოეშვა, მოდუნდე და დაისვენო“
- „World Vision საქართველოს” შემეცნებითი თამაში ბავშვებისთვის და დისკუსია მათ უფლებებზე
- პატარა ჯადოქრების სახელოსნო: წყალზე ხატვის მასტერკლასი - „ცეში“
- მხიარული სტარტები ბავშვებისთვის - „ოკტოპუს ფიტნეს კლუბი”
- ბუნებარეს ტყის თავგადასავალი - თამაშები ბუნებაში გარემოს კვლევისა და კოორდინაციის განვითარებისთვის
- ინტერაქტიურ სამეცნიერო სივრცე - „ცოდნის ლაბორატორია“
- „თბილისი დეტალებში“ - წიგნის კითხვა და თამაში, სადაც პატარა მკითხველები თბილისის ქუჩებში დამალულ დეტალებს ეძებენ
- კომიქსის „გვირილობა“ წარდგენა და საჯარო კითხვა - ამბავი სიკეთის ყვავილსა და ადამიანებზე ზრუნვაზე
- მე თვითონ! სენსორული თავგადასავალი ბავშვებისთვის - „თვითი“
- ახალი საგანმანათლებლო პროგრამა: ბუნებასთან მეგობრობა და ეკო-ცნობიერება სკოლამდელი ასაკიდან - „ეკონეკი“
- ევროკავშირის მწვანე კუთხე - ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება
გარდა ამისა, ევროკავშირის ინიციატივის „საქართველო მწვანე მომავლისკენ“ პარტნიორობის ფარგლებში, ბავშვებს 14:00–17:00 საათამდე შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მწვანე აქტივობებში. ფლორისტი და სტუდიის „Mantis“ დამფუძნებელი არჩილ ღოღობერიძე ჩაატარებს ინტერაქტიულ ვორქშოპს, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ურბანული გამწვანების შემოქმედებით მეთოდს- „Seed Bomb“-ის ტექნიკას. ბავშვები თავად შექმნიან თესლიანი ნიადაგის ბურთულებს, რომლებსაც შემდეგ ქალაქის გაუმწვანებელ სივრცეებში გაფანტავენ. ღონისძიებაზე ასევე გამოჩნდება ნარჩენების მონსტრი ჩომპო, რომლის დამარცხებაც მონაწილეების მთავარი მისია იქნება. ბავშვები და უფროსები ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით გაიგებენ, რა ზიანს აყენებს გარემოს ნარჩენების არასწორი მართვა და როგორ შეგვიძლია სწორი დახარისხებით „ნარჩენების მონსტრების“ დამარცხება.
იგეგმება საინფორმაციო სესიები მშობლებისთვის მნიშვნელოვან თემებზე:
- „World Vision საქართველოს” სესიები მშობლებისთვის: ბავშვის უფლებები და მშობლის როლი - როგორ შევქმნათ ბავშვებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო?; როგორ ვაქციოთ ანიმაცია განვითარების ინსტრუმენტად და საერთო თავგადასავლად?
- საოჯახო იოგა დედებისთვის და ბავშვებისთვის - „სოფიოგა“
- დედების განსატვირთი სივრცე - „სინათლის მანდალა”
- „ჩვენ ველოდებით ბავშვს“ - თბილი ამბავი ოჯახებისთვის, სადაც მალე ახალი პატარა გაჩნდება. (პრეზენტაცია შედგება „სინათლის მანდალას“ სივრცეში)
- პირველადი დახმარების ექსპრეს კურსი - „წითელი ჯვარი“
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ზეიმის მნიშვნელოვანი ნაწილია საბავშვო ფლი მარკეტი და ბავშვთა უფლებების თემაზე, პატარა ავტორების მიერ შექმნილი გამოფენა. გარე მარკეტში როგორც ადგილობრივი მეწარმეები, ასევე ბავშვებიც იღებენ მონაწილეობას. მარკეტის სივრცეში იქნება, ღონისძიების პარტნიორის, „ბიბლუსის” სტენდიც, სადაც მშობლებსა და ბავშვებზე ორიენტირებული შემეცნებითი წიგნები იქნება ხელმისაწვდომი.
ბავშვთა უფლებების თემაზე ორგანიზებული გამოფენა „როცა ადამიანი მიღიმის…” - სხვა და სხვა ასაკის, ინტერესებისა და გამოცდილების მქონე ბავშვების თანამშრომლობით შექმნილი ინტერაქციული ექსპოზიციაა, სადაც პატარა დამთვალიერებლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი ნამუშევრები დაამატონ გალერეის კედლებს და გამოფენის თანაავტორები გახდნენ. გამოფენის მომზადებაში ასევე, „World Vision საქართველოს” ცენტრის ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა და ექსპოზიციაში მათ ნამუშევრებსაც შეხვდებით. გამოფენა გაიხსნება 31 მაისს, 12:00 საათზე, გალერეაში პირველ სართულზე „კუბი კონტექსტში.“
დღის ბოლოს, იქნება დასკვნითი კონცერტი ბავშვების მონაწილეობით.
“ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს ყველა დონეზე — ბავშვებთან, მშობლებთან და თემთან — რათა შევქმნათ უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო თითოეული ბავშვისთვის. სწორედ ამიტომ, ამ ზეიმის ფარგლებში, ჩვენი სპეციალისტები ჩაატარებენ ძალიან საინტერესო და სასარგებლო სესიებს როგორც მშობლებისთვის, ისე ბავშვებისთვის. მონაწილეები მიიღებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას ბავშვთა უფლებების, უსაფრთხოების, პოზიტიური აღზრდისა და ემოციური კეთილდღეობის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დღეები მხოლოდ ზეიმი არ იყოს — ეს უნდა იყოს შესაძლებლობა ცოდნის გაზიარების, მხარდაჭერის და საზოგადოების გაძლიერებისთვის", - აღნიშნა World Vision საქართველოს დირექტორმა ეკატერინე გურგენაძემ.
“World Vision” ბავშვთა დაცვის ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე 30 წელია საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის და ინკლუზიური გარემოს შექმნის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. ორგანიზაცია წარმოდგენილია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ბავშვთა დაცვის სისტემების და სერვისების გაუმჯობესა, ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება, ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა , ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარება და ადგილობრივი თემის მხარდაჭერა.
“სინათლის მანდალა” არის სოციალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო, კულტურულ, შემოქმედებით და ეკო პროექტებს. პლატფორმის მთავარი ფოკუსია ქალებისა და დედების მხარდაჭერა, შინაგანი ზრდა და ცნობიერი განათლება.
“კუბი კონტექსტში” — მზიურის ყოფილ საბაგირო სადგურში შექმნილი თანამედროვე ხელოვნების მულტიმედიური სივრცეა. ის აერთიანებს თანამედროვე ხელოვნების გალერეას, მედიათეკას, საერთო სამუშაო სივრცეებსა და არტისტულ მაღაზიას.




























