მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბავშვო ტანსაცმლის ბრენდმა „უნიკი“ გასულ წელს წარმოება 50%-ით გაზარდა

უნიკი

საბავშვო ტანსაცმლის ქართულმა ბრენდმა „უნიკი“ გასულ წელს წარმოების მოცულობა 50%-ით გაზარდა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მაგდა ზაქარიაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.

მისი თქმით, ბრენდის მიმართ მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება და რიგ შემთხვევებში მიწოდება მოთხოვნას ვეღარ ეწევა. სწორედ ამიტომ, კომპანიას უწევს წარმოების მუდმივი გაფართოება.
„მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე მიწოდება. მუდმივად ვცდილობთ წარმადობის ზრდას. გასულ წელს კი სხვა სამკერვალოსთვის დახმარების თხოვნაც მომიწია, რომ არსებული შეკვეთები დაგვეკმაყოფილებინა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, 2024 წელთან შედარებით, წარმადობა 50%-ით გავზარდეთ“, - აღნიშნა ზაქარიაშვილმა.

მისი განცხადებით, 2025 წელი კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი აღმოჩნდა. რეგიონში მოქმედი სამკერვალო, რომელიც პანდემიის პერიოდში გაიხსნა და ხუთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა, სირთულეების გამო ნაწილობრივ თბილისში გადმოიტანეს. დღეს „უნიკის“ სამკერვალო და საგამოფენო სივრცე თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარეობს, რაც, დამფუძნებლის შეფასებით, წარმოების ზრდასა და კადრების მოძიების პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტი ნაბიჯი იყო.

ამასთან, მაგდა ზაქარიაშვილი აღნიშნავს, რომ რეგიონში საწარმოს ფუნქციონირებამ კომპანიას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა - მათ შორის, სხვადასხვა გრანტისა და საგანმანათლებლო პროგრამის სახით : „ბიზნესი გამოუცდელმა დავიწყე და ცოდნის გაღრმავება ჩემთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. სხვადასხვა კურსმა და პროგრამამ დიდი შესაძლებლობები მომცა“, – ამბობს ის.

„უნიკმა“ საქმიანობა ჩვილების ტანსაცმლის წარმოებით, 0 წლიდან დაიწყო, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად პროდუქციის ასორტიმენტი გაფართოვდა. დღეს ბრენდი მომხმარებლებს ასევე საზეიმო და საკონცერტო სამოსს სთავაზობს, აქტიურად თანამშრომლობს საბავშვო ბაღებსა და სკოლებთან და მონაწილეობს სეზონურ შეკვეთებში, მათ შორის – საახალწლო პერიოდში. ამ ეტაპზე უკვე დაწყებულია საგაზაფხულო შეკვეთების მიღებაც.

კომპანია აქტიურად მუშაობს B2B მიმართულებითაც. ზაქარიაშვილის თქმით, თუ რეგიონში არსებული საწარმო მასშტაბურ შეკვეთებს ვერ უმკლავდებოდა, 2025 წლიდან B2B გაყიდვებმა მნიშვნელოვნად მოიმატა და დღეს საცალო და B2B გაყიდვების წილი თითქმის თანაბრად – 50/50%-ზე ნაწილდება.
„გასულ წელს მაისის შუა რიცხვებიდან შეკვეთების მიღება შევაჩერეთ, რადგან ძალიან დიდი მოცულობის შეკვეთები გვქონდა ჩასაბარებელი და არ გვინდოდა მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩენილიყო“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება ნედლეულს, „უნიკი“ ქსოვილებს ძირითადად საერთაშორისო ბაზრებიდან, მათ შორის თურქეთიდან და დუბაიდან ყიდულობს, თუმცა ნაწილობრივ ადგილობრივ ბაზარსაც იყენებს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, საქართველოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ნატურალური ბამბის ხარისხიანი ქსოვილის დეფიციტი რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები