საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია კანონპროექტი, რომელიც ცვლილებებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ითვალისწინებს და სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომების საქმიანობის რეგულირებას ეხება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტს დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე წარადგენს.
კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გავრცელდება ყველა იმ ავტოსადგომზე, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაშია ჩართული და სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან მდებარეობს. ცვლილების მიზანია, რომ ავტოსადგომების მუშაობის წესების დარღვევა, ავტოსადგომის მდებარეობის მიუხედავად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვალოს.
ამჟამად მოქმედი ნორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს წესების დარღვევას იმ ავტოსადგომებში, რომლებიც სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კილომეტრის რადიუსში მდებარეობს და განკუთვნილია გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კანონპროექტით აღნიშნული კონკრეტული რადიუსი და სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები კოდექსიდან ამოღება და მის ნაცვლად მითითება მთავრობის შესაბამის ნორმატიულ აქტზე გაკეთდება.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება დაკავშირებულია მთავრობის რეგულაციებში განხორციელებულ ცვლილებებთან. კერძოდ, 2023 წელს მთავრობის დადგენილებით შეიცვალა ავტოსადგომის განთავსების დაშორების მოთხოვნა დარიალის სასაზღვრო გამტარი პუნქტი-ს შემთხვევაში. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსადგომის განთავსება შესაძლებელია გამშვები პუნქტიდან არაუმეტეს 25 კილომეტრის რადიუსში, რაც განსხვავდება სხვა მონაკვეთებისთვის დადგენილი წესისგან.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილების მიზანია, რომ მსგავსი ტექნიკური პარამეტრების ცვლილება მომავალში მთავრობის დონეზე გადაწყდეს და ამისათვის საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა აღარ გახდეს საჭირო.
"საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით", - ნათქვამია კანონპროექტში.
კანონპროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ინიციატორი — საქართველოს მთავრობა. ცვლილების მიღების შემთხვევაში, კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.


























