ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბაჟო კონტროლის ზონაში ₾1,1 მლნ-ის არააქციზური სიგარეტი გამოავლინეს, რომელიც მოედნების საფარ ფილებში ჰქონდათ დამალული.
როგორც უწყება იტყობინება, დადგინდა, რომ ბელარუსში რეგისტრირებულმა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელმა სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ,,წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა.
"სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და საქონლის თანმხლები სხვა საბუთების თანახმად, სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო ორი სახეობის სპორტული მოედნების ზედაპირებისთვის განკუთვნილი კაუჩუკის საფარი ფილებით და საბოლოო დანიშნულების ქვეყანას ჩეხეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა.
რისკის შეფასებისა და ანალიზის შედეგად, მოხდა აღნიშნული სატვირთო ავტომობილის შეჩერება და ავტოსატრანსპორტო საშუალებას განესაზღვრა საბაჟო კონტროლის ზონაში განთავსება, შემდგომი დეტალური დათვალიერების მიზნით.
უფლებამოსილი პირების მიერ, პალეტებზე განთავსებული ტრანზიტული ტვირთის შიგთავსის გახსნის შედეგად, აღმოჩენილი იქნა, მალულად განთავსებული სხვადასხვა დასახელების 202 176 კოლოფი არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტი, მათ შორის - ,,NZ“, ,,MINSK" და ,,Queen Menthol“.
აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულებამ 1 132 185 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.




























