ავიასატვირთო ტერმინალმა “ლასარემ”, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, 2024 წელი შემოსავლების და მოგების ზრდით დახურა.
კომპანიამ ფინანსური ანგარიშგება ანგარიშგების პორტალზე გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, საერთაშორისო საავიაციო და საბაჟო საწყობის შემოსავლები გასულ წელს ₾4.1 მილიონით, 22.95 მლნ ლარამდე გაიზარდა. წმინდა მოგებამ 12.3 მლნ ლარი შეადგინა, 2023 წელს არსებული 10.2 მილიონის შემდეგ.
“ლასარეს” შემოსავალი 2024 / 2023 წლებში
- ტვირთის სახმელეთო და სატერმინალო მომსახურება - 9,842,252 ლარი / 7,496,128 ლარი
- შემოსავალი მომსახურებიდან 12,726,526 ლარი / 10,437,298 ლარი
- სხვა შემოსავალი 385,594 ლარი/ 869,417 ლარი
სულ შემოსავალი 22,954,372 ლარი / 18,802,843 ლარი
“ლასარე” წარმოადგენს საჰაერო ხომალდის სატვირთო საჰენდლინგო მომსახურებისათვის აუცილებელი ბაზის, საბაჟო საწყობისა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასაწყობო მეურნეობის ერთობლიობას. კომპანია ემსახურება ყველა სახის ტვირთს (ძვირფასი, ცოცხალი, მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციფიკური (ზომის და წონის მიხედვით) ტვირთების ჩათვლით). არის სერტიფიცირებულია ევროკავშირის RA-3 და დიდი ბრიტანეთის RA-3 სერტიფიკატებით, რაც იძლევა ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში ტვირთების პირდაპირი გაგზავნის უფლებას.
ამჟამად, “ლასარეს” 50%-იან წილს ჯონი ლასარეიშვილი ფლობს, 35%-ს სერგო ლასარეიშვილი, ხოლო 15%-ს ელენე ლასარეიშვილი.


























