მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბაზისო პროდუქტებზე ფასები მუდმივად იზრდება, მენიუში ფასების დაკორექტირება გვიწევს"- რესტორანი "კნეინა"

რესტორანი კნეინა

"საბაზისო პროდუქტებზე ფასები მუდმივად იზრდება, მენიუში ფასების დაკორექტირება გვიწევს", - ამის შესახებ bm.ge-სთან ინტერვიუში რესტორან "კნეინას" დამფუძნებელმა ლაშა მამაგეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფასების შემცირების გზა ნედლეულის ფასების შემცირებაზე გადის. მამაგეიშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდი წნეხი მათთვის ხორცის და ბოსტნეულის ფასებია, რომელიც ბოლო სამი წელია ძვირდება.

“ჩვენ ყოველ 6 თვეში ერთხელ ვაახლებთ მენიუს და ხშირად ვერ ვცვლით ფასებს, სამწუხაროდ, ყოველი განახლების დროს გვიწევს რაღაც კორექტირების გაკეთება.

როდესაც ვიხსნებოდით სამი წლის წინ, მაშინ არ იყო ასეთი ფასები, განსაკუთრებით ისეთ ძირითად პროდუქტებზე, როგორიც არის ხორცი, რძის პროდუქტები და ასე შემდეგ. 19 ლარი ღირდა საქონლის რბილი და ახლა 33 ლარი ღირს. მაშინ 19 ლარიც ძვირად გვეჩვენებოდა, უკვე გაძვირებული იყო და ახლა კიდევ, სამი წლის თავზე, 33 ლარია და კიდევ გვეუბნებიან, რომ სავარაუდოდ მოიმატებს.

მომატებულია ფასები რძის პროდუქტებზე, განსაკუთრებით ისეთ რძის პროდუქტებზე, რომელიც დისტრიბუციას მოაქვს: კარაქი, არაჟანი, ნაღები... დისტრიბუციაც მუდმივად გვიმატებს ფასს, ოღონდ დიდი გულისტკივილით გვეუბნებიან ამას, რომ კიდევ იმატებს ფასი, გაფრთხილებთო. ყოველი 2-3 თვის შემდეგ ფასები იმატებს.

არის რაღაცა პროდუქტები, რაზეც ფასი არ იმატებს, მაგრამ ეს იმდენად არ მოქმედებს მენიუზე. მაგალითად: სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, რომელზეც ფასი მხოლოდ 20-30 თეთრით იმატებს. მთავარი მაინც არის ხორცი, ძირითადი ბოსტნეული (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა) და რძის პროდუქტები. ეს სამი საბაზისო პროდუქტია, რომელზეც მუდმივად იმატებს ფასი.” -ამბობს რესტორან “კნეინას” დამფუძნებელი ლაშა მამაგეიშვილი.

ცნობისთვის, თიბისი კაპიტალის კვლევით, 2026 წლის თებერვალში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 34%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა კი 36 ლარს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები