მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბჭოთა ატომური ბომბის შექმნა რუსეთისადმი „ღვთის წყალობა და მოწყალება“ იყო - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილემ საბჭოთა ატომური ბომბის შექმნას რუსეთის მიმართ „ღვთის წყალობა და მოწყალება“ უწოდა.

მან აღნიშნული განცხადება 1 აგვისტოს, წმინდა სამების სერაფიმ-დივეევოს მონასტერში სერაფიმე საროველის წმინდა ნაწილების გამოჩინების დღისადმი მიძღვნილი ლიტურგიის შემდეგ წარმოთქვა. ქადაგების ტექსტი მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კირილეს განცხადებით, მეცნიერებმა, რომლებიც საროვში მუშაობდნენ, „ჩვენი რუსული ატომური ბომბი“ შექმნეს.

რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ აღნიშნულმა იარაღმა იმ მტრების გეგმები ჩაშალა, რომლებსაც ქვეყნის განადგურება და დამონება სურდათ.

რუსეთის ეკლესიის მეთაურმა დასძინა, რომ რუს ფიზიკოსებთან და მეცნიერებთან საუბრისას ბევრმა მათგანმა დაადასტურა რწმენა, რომ ასეთი ძლიერი იარაღის შექმნა სწორედ სერაფიმე საროველის ლოცვების წყალობით გახდა შესაძლებელი.

ქადაგების ბოლოს კირილემ პოსტსაბჭოთა რუსეთში მართლმადიდებლობის აღორძინებას „წმინდანთა ლოცვის ნაყოფი“ უწოდა და ილოცა, რომ ღმერთმა დაიფაროს „რუსული მიწა, მართლმადიდებელი პრეზიდენტი, ხელისუფლება და შეიარაღებული ძალები“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები