საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი გერმანიისგან რეპარაციის სახით ანაზღაურებას ითხოვს. გერმანული მედიის ინფორმაციით, კომპენსაციის საკითხი ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ანგელა მერკელთან შეხვედრისას კირიაკოს მიცოტაკისმა დააყენა.
საბერძნეთის მთავრობის მეთაურმა კანცლერთან მოლაპარაკების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ დაახლოებით 5 თვეში შესაბამის დოკუმენტაციას მოამზადებენ და გერმანიას გადაუგზავნიან. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ.
"იმედი გვაქვს, რომ საკითხს პოზიტიური რეაქციები მოჰყვება," -დასძინა მიცოტაკისმა.
აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგებისთვის გერმანიისგან რეპარაციის მიღების საკითხი საბერძნეთმა ალექსის ციპრასის პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც დააყენა, დაახლოებით სამი წლის წინ, ელადას პარლამენტში შექმნილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ მესამე რაიხის მიერ მიყენებული ზარალი 290 მილიარდ ევროდ შეაფასა, თუმცა საკითხი მაშინ ოფიციალურ მოთხოვნამდე არ მივიდა.
შეგახსენებთ, რომ გერმანიისგან ცოტა ხნის წინ, კომპენსაცია პოლონეთმაც მოითხოვა. პოლონეთის მთავრობამ მესამე რაიხის დროს ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი 850 მილიარდ დოლარად შეაფასა, დოკუმენტს ფულის მოთხოვნის შესახებ ვარშავა ბერლინს უახლოეს პერიოდში გადაუგზავნის. პოლონეთში მიაჩნიათ, რომ მეორე მსოფლიო ომის შედეგებისთვის გერმანიისგან რეპარაციის მიღების უფლება აქვს.
ჰიტლერის სამხედროები პოლონეთში 1939 წელს შეიჭრნენ; პირველად სასაზღვრო ქალაქი ვილუნი დაბომბეს და დაიკავეს, შემდეგ კი ფაშისტურმა გერმანიამ ქალაქი გდანსკი აიღეს. ყველაზე მწვავედ მეორე მსოფლიო ომი სწორედ პოლონეთმა იწვნია. ჰიტლერის ტირანულ რეჟიმსა და ომს 5,8 მილიონი პოლონელი ემსხვერპლა, მათ შორის 3 მილიონი - პოლონელი ებრაელი.

























