საბერძნეთში, ათენის გარეუბნებში ძლიერ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ ზღვისპირა ქალაქ ნეა მაკრში ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა.
ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვამლის შედეგად, 18 ადამიანი დაშავდა.
ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც მეხანძრეებმა გააფრთხილეს, რომ სახლებს, ბიზნესს და სკოლებს საფრთხე ემუქრება. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დედაქალაქში ხანძარი არ გავრცელებულა, მოქალაქეები ყვებიან, რომ მათ აივნებზე ბოლო დღეებში ფერფლი აღარ უკვირთ.
ტყის ხანძრების გამო მოსახლეობა ევაკუირებულია ჯამში 30-მდე დასახლებული პუნქტიდან.
ვითარებას ართულებს ისიც, რომ 13 აგვისტოს ისევ მოსალოდნელია ქარის გაძლიერება, ჰაერის ტემპერატურა კი +40 გრადუსი იქნება, რაც ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს ქმნის.
ცნობისთვის, საბერძნეთის დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარს მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ებრძვიან. ევროკავშირის ქვეყნებმა ბერძენ მეხანძრეებს დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს, მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა ევროკავშირს დახმარების თხოვნით მიმართა.