რუსეთის ხელისუფლება ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად და უკრაინაში მიმდინარე ომის დასაფინანსებლად ახალ გზებს ეძებს, ამჯერად კი განხილვის საგანი ონლაინ კაზინოების ლეგალიზაციას უკავშირდება.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ვლადიმერ პუტინს ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ის პრეზიდენტს 2009 წლიდან მოქმედი აკრძალვის გაუქმებასა და სექტორის რეგულირებულ ჩარჩოში მოქცევას სთავაზობს.
წინასწარი გათვლებით, ამ სფეროს ლეგალიზაცია და მასზე მინიმუმ 30%-იანი გადასახადის დაწესება ფედერალურ ბიუჯეტს ყოველწლიურად დამატებით 100 მილიარდ რუბლს მოუტანს, რაც 1.3 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია.
ანტონ სილუანოვის ინიციატივა ითვალისწინებს ფსონების აღრიცხვის ერთიანი ცენტრის შექმნას, რომელიც ბუკმეკერების მსგავსად გააკონტროლებს ყველა ტრანზაქციას.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში აზარტული თამაშები ამჟამად მხოლოდ ოთხ სპეციალურ ზონაშია დაშვებული, არალეგალური ონლაინ ბაზრის ბრუნვა იზრდება წელიწადში 3 ტრილიონ რუბლს აჭარბებს. ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამ ჩრდილოვანი ეკონომიკის "გათეთრება" ბიუჯეტს დიდ შემოსავალს მოუტანს.
პროექტი ასევე მოიცავს სოციალურ რეგულაციებსაც, მათ შორის 21 წლამდე პირებისთვის თამაშის აკრძალვას და სპეციალური მარეგულირებლის შექმნას, რომელიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციაზე იზრუნებს.




























