პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მომავალი წლის ბიუეჯტის პროექტზე საკუთარ შეფასებას აქვეყნებს.
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, გასული წლის მსგავსად, საყურადღებოა მაკროეკონომიკური გარემოს განსხვავებული საშუალოვადიანი სცენარების შემთხვევაში მთავრობის მიერ წარმოდგენილი პოლიტიკის პასუხები.
„მაკროეკონომიკური გარემოს პოზიტიური სცენარით განვითარების შემთხვევაში, მთავრობის მიერ გათვალისწინებულია მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების საბაზისო სცენარის დონეზე შენარჩუნება და შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის გაუმჯობესება. აღნიშნული, საბიუჯეტო ოფისის შეფასებით მოითხოვს მკაცრ ფისკალურ დისციპლინას, რაც შესაძლებელია რთულად განსახორციელებელი იყოს. რაც შეეხება მაკროეკონომიკური გარემოს პესიმისტური სცენარით განვითარებას, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, მთავრობის მიერ გათვალისწინებულია ბიუჯეტის დეფიციტის საბაზისო დონეზე შენარჩუნება კაპიტალური ხარჯების შემცირების ხარჯზე, რამაც საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, შესაძლოა კიდევ უფრო უარყოფითად იმოქმედოს ეკონომიკურ აქტივობაზე საშუალოვადიან პერიოდში“, - განმარტავენ უწყებაში.
ასევე როგორც საბიუეჯტო ოფისში განმარტავენ, 2017 წლის კანონპროექტით შემოსავლების ზრდის ტემპი შეადგენს 1.9%-ს, მაშინ როდესაც 2015-2016წწ.-ებისათვის შემოსავლების ზრდის(ფაქტობრივი/მოსალოდნელი) ტემპი შესაბამისად, 9.9%-ს და 4.7%-ს უტოლდება. აღნიშნული დინამიკა ძირითადად უკავშირდება ერთი მხრივ, საბიუჯეტო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით 2016 წლიდან საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი სახის მიმართვას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში, ხოლო მეორე მხრივ, 2017 წლიდან საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების ამოქმედებას, რომლის საფუძველზეც დაიბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება.
„გადასახადების ცალკეული სახეებისათვის, 2017 წლის კანონპროექტით მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით ყველაზე მასშტაბური შემცირება გათვალისწინებულია მოგების გადასახადისათვის 457 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადისათვის და დღგ-სათვის გათვალისწინებულია ზრდა შესაბამისად, 357 მლნ ლარის და 210 მლნ ლარის ოდენობით“, - განმარტავენ საბიუჯეტო ოფისში.
რაც შეეხება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ პროგნოზებთან შედარებას, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელი საპროგნოზო მაჩვენებელი მიმდინარე წლისათვის 120 მლნ ლარით, ხოლო 2017 წლისათვის კი - 309 მლნ ლარით ნაკლებია მთავრობის მიერ წარდგენილ პროგნოზზე. თუმცა საშუალოვადიანი პერიოდისათვის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზები უახლოვდება მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგნოზებს. სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებით, კანონპროექტით წარდგენილი გეგმური მაჩვენებლების შედარება გადასახადების ცალკეული სახეებისათვის საბიუჯეტო ოფისის დამოუკიდებელ პროგნოზებთან 2016 და 2017 წწ. სათვის არსებით განსხვავებას არ ავლენს, გარდა საშემოსავლო გადასახადისა. კერძოდ, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისათვის 350 მლნ ლარით ნაკლებია კანონპროექტით წარმოდგენილ გეგმურ მაჩვენებელზე, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ამავე გადასახადის მიმდინარე წლის მობილიზების განსხვავებულ შეფასებას: საბიუჯეტო ოფისის პროგნოზი ასევე 2016 წლისათვის 130 მლნ ლარით ნაკლებია 2016 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ მაჩვენებელზე (პსო-ს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ ავტონომიურ რესპუბლიკებში საშემოსავლო გადასახადის სახით მიმართული სახსრები შენარჩუნდება 2015 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლის დონეზე (170 მლნ ლარი), ხოლო ადგ. თვითმმართველ ერთეულებში მიმართული სახსრები შენარჩუნდება 2016 წლის არსებული ფაქტობრივი მაჩვენებლის დონეზე (258 მლნ ლარი)). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2017 წლის პროექტით წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის პროგნოზი დამატებით განმარტებას საჭიროებს.

























