პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2018 წლის III კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი 5.2%-ს მიაღწევს. 2017 წლის იმავე პერიოდში მშპ-ის ზრდის ტემპი 4.4% იყო. მიმდინარე წლის III კვარტალში მშპ-ის მოსალოდნელ ზრდას, ფაქტობრივად, მთლიანად განსაზღვრავს აბსორბციის კომპონენტი, ხოლო წმინდა ექსპორტის წვლილი უმნიშვნელოა.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.0 პროცენტი შეადგინა. 2018 წლის II კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 6.0 პროცენტით, ხოლო 2018 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.7 პროცენტით განისაზღვრა.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნებოდა ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, საფინანსო საქმიანობისა და ვაჭრობის დარგებში.