სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2016 წელს „საწვავ/საპოხი მასალების შეძენის ხარჯის" მუხლიდან წინა წელთან შედარებით 7 მლნ 879 ათასი ლარით ნაკლები დაიხარჯა და 53 მლნ 495 ათასი ლარი შეადგინა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშს ეხება, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ რეალური ხარჯი უფრო მეტია.
"საყურადღებოა, რომ აღნიშნული მუხლი არასრულად ასახავს ამ მიზნობრიობით გახარჯული სახსრების მთლიან ოდენობას, რამდენადაც გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში ადგილი აქვს საწვავის ხარჯების გაწევას სუბსიდიების „სხვა დანარჩენი ხარჯის“ მუხლიდანაც. თუმცა, რადგანაც ხაზინის მონაცემებში განცალკევებულად არ არის წარმოდგენილი აღნიშნული მუხლიდან გაწეული ხარჯები, ვერ ხერხდება ჯამურად წლის განმავლობაში საწვავზე მიმართული საბიუჯეტო სახსრების ოდენობის დადგენა. საყურადღებოა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების ფარგლებში ზოგიერთ ავტომანქანაზე არ ხდება საწვავის ლიმიტების განსაზღვრა, რაც ართულებს უწყების მიერ ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯების დაგეგმვას", - წერია მოხსენებაში.

























