მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ყველაზე მეტი რეკლამა "იმედში" განათავსეს

5a3cc7ebb9231
BM.GE
22.12.17 12:49
1094
საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ყველაზე მეტი რეკლამა "იმედში" განათავსეს. ამის შესახებ საუბარია მედიის განვითარების ფონდის კვლევაში, რომელიც მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასა და ამ მიმართულებით სამი კვარტლის მონაცემებს აჯამებს.

კვლევის მიხედვით, 2017 წელს (15 ნოემბრის მდგომარეობით) საბიუჯეტო ორგანიზაციებმა ტელევიზიებთან 4 665 570 ლარის ხელშეკრულებები გააფორმეს. მათი დიდი ნაწილი - 3 800 606 ლარი ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებზე მოდის, 864 964 ლარი კი - რეგიონულ მაუწყებლებზე.

ტელევიზიებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების - 2 449 383 ლარის ხელშეკრულება "იმედთან" გაფორმდა, მას მოსდევს რუსთავი 2 (510 544 ლარი ) და პულსი TV (203 330); ყველაზე მცირე ოდენობის კონტრაქტი კი - სტარვიზიასთან (845) გაფორმდა.



„გარკვეული საბიუჯეტო კონტრაქტები არ იძლეოდა იმის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, თუ რომელ მედია საშუალებაში რა თანხა გადანაწილდა და ეს თანხა „ერთიან ხელშეკრულებებში“ მოვახვედრეთ (ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 494 537 ლარი); აღნიშნული თანხის 69 % - 341 376 ლარი (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შპს "ბრავო მედიასთან” დადებული ხელშეკრულება) ტელეკომპანია იმედში, რუსთავი 2-სა და მაესტროში გადანაწილდა, 19 % (91 736 ლარი) კი - იმედსა და რუსთავი 2-ზე, ხოლო 12 %-ის (61 425 ლარი) შემთხვევაში ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, თუ რომელ ტელევიზიაში იყო გაწეული ეს მომსახურება”,- ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების (ჯამური ღირებულება- 1 325 943 ლარი) ყველაზე დიდი წილი (75%) ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და მათ დაქვემდებარებულ უწყებებზე მოდის.

რეგიონულ მაუწყებლებს შორის ყველაზე დიდი თანხა, 2016 წლის მსგავსად, კვლავ ქვემო ქართლის ტელევიზიას აქვს მიღებული (185 522 ლარი), მას მოსდევს ტელეკომპანია რიონი (იმერეთი) (163 129) და „გურჯაანის“ ტელევიზია - 62 450; სხვა რეგიონულ ტელევიზიებში შემდეგი ვითარება იკვეთება: მარნეულის ტელევიზია (61 443), "იმერვიზია" – 60 501, 10 „ფარვანა“ - 50 000; ,,ზარი”- 42 584 ლარი, „ბოლნელი“ – 34 500, "მეცხრე ტალღა“-33 596, სხვა ტელევიზიებმა ("ოდიში”, "თრიალეთი", "არგო", ეგრისი“, "ტვ 25", "ატვ 12", „კოლხეთი 89“, ,,მეგა ტვ”, "დია", "ბორჯომი”, "მეცხრე არხი”, "გურია ტვ", "ჯიხა”, "თანამგზავრი”, "კახეთი") ჯამში 110 692 ლარის სარეკლამო მომსახურება მიიღეს. 2017 წელს რეგიონულ ტელევიზიებთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულებების ღირებულებამ 60 546 ლარი შეადგინა. აქედან, 58% საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შპს "რეგიონული ტელევიზიების სხვა არხთან” გაფორმებული კონტრაქტებია.

რაც შეეხება რადიოებს, ყველაზე მეტი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთან (ფორტუნა, ფორტუნა +, არ დაიდარდო, ავტო რადიო) (11 240 ლარი) გაფორმდა, რომელსაც მოსდევს რადიო იმედი (5 420 ლარი). ბოლო ადგილს კი რადიო თრიალეთი (240) იკავებს; ერთიანი ხელშეკრულებით კი 20 000 ლარის ღირებულების მომსახურების შესყიდვა ერთდროულად რამდენიმე რადიოსთან განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები