მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საბიუჯეტო სექტორი მომავალშიც იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის მთავარი გარანტი"

5cd9225c1274e
ელენე გოგბერაშვილი
13.05.19 11:52
938
„საქართველოს მთავრობამ, ეროვნულმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა წარმატებით დაასრულა მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვა. კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ პროგრამის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მთავრობა ადასტურებს და ერთგული რჩება იმ ძირითადი მიზნების მიმართ, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავისახეთ“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიმდინარე ხარჯების კონტროლი, კაპიტალური ხარჯების დაჩქარება და ფისკალური დეფიციტის ნორმალიზაცია - ეს ის მიზნებია, რაც ფინანსთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ პარტნიორებთან ერთად დაისახა.

მაჭავარიანის განცხადებითვე, პროგრამის დასრულებამდე ერთი წელია დარჩენილი, თუმცა პრაქტიკულად, ყველა ეს მიზანია მიღწეულია.

„2016 წლიდან 2018 წლის ბოლომდე მიმდინარე ხარჯები შემცირდა 26%-დან 23%-მდე და განაგრძობს შემცირებას. აბსოლუტურ სიდიდეში დაახლოებით, 1,2 მილიარდით არის შემცირება და სრულად ეხმიანება და უნისონში მოდის მთავრობის მიერ გაცხადებულ მცირე მთავრობის კონცეფციასთან.

რაც შეეხება კაპიტალური ხარჯების დაჩქარებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზა და ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რაც ყველაზე მთავარი პროექტებია, ყველა ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია ან თუ არა, ტენდერები დასრულების ეტაპზეა. ეს კაპიტალური დანახარჯები სრულიად არის გაწერილი ფისკალურ ჩარჩოში. მათი დაფინანსება სრულად მოძიებულია და შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.

მესამე - ეს იყო ფისკალური დეფიციტის ნორმალიზაცია, რაც ნარჩუნდება მშპ-თან მიმართებაში 2,5%-ის დონეზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საბიუჯეტო სექტორი რჩება და მომავალშიც იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი გარანტი.

ამ წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის 4,6%, რაც რეგიონში გამორჩეულად მაღალია და ადასტურებს რეფორმების ეფექტურობას და რეფორმების მიმართ ერთგულებას, რომლის გზაზეც საქართველოს ხელისუფლება დგას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ცნობისთვის: IMF-ის მისიამ დღეს საქართველოს განახლებული პროგრამა დაუმტკიცა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს დამატებით $40 მილიონის მოცულობის სახსრები გამოეყო. მთლიანობაში პროგრამის მოცულობა $210 მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები