ქართული სანაოსნო კომპანია E60 Shipping Line-ში აცხადებენ, რომ საბორნე გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია და ფოთი-კონსტანცას ხაზზე მათი დატვირთულობა 100%-იანია.
როგორც კომპანიის კომერციულმა დირექტორმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ამ დროისთვის მათი ფლოტი ორი ბორნისგან შედგება და კვირაში ორჯერ რუმინეთის მიმართულებით რეგულარულ რეისებს ახორციელებენ.
მიხეილ ბაბუნაშვილის თქმით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, E60 Shipping Line კიდევ ერთი გემის დამატებას და ასევე საბორნე გადაზიდვების დაწყებას სხვა ქვეყნების მიმართულებითაც განიხილავს.
„ჩვენ ოპერირება როდესაც დავიწყეთ, საერთოდ არც ერთი ბორანი არ გვყავდა და ნაქირავები ბორნით ვმუშაობდით. მას შემდეგ შევიძინეთ ორი ბორანი. ძალიან სწრაფად მოგვიწია განვითარება, იმიტომ, რომ მოთხოვნა მაღალი იყო, ჩვენ სწორ დროს შევედით ბაზარზე. შესაბამისად, გადაგვაქვს ყველანაირი სახის ტვირთი, ტრაილერები, კონტეინერებით და არაგაბარიტული ტვირთები, სახიფათო ტვირთები და ასე შემდეგ. მოთხოვნა ამ ეტაპზე ძალიან სტაბილური და მზარდია მათ შორის, სხვადასხვა მოვლენებიდან გამომდინარეც და შესაბამისად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.
ჩვენი ბორანი ახლა სრულად დატვირთულია, რაც ისევ და ისევ იმაზე მეტყველებს, რომ მოთხოვნა მაღალია. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთი გემი შეემატოს ჩვენს ფლოტს. ასევე ვფიქრობთ არა მხოლოდ ფოთი-კონსტანცას მიმართულებაზე, არამედ მთლიანად შავ ზღვაზე, რა ქვეყნებიც არის და რომელიც გვაერთიანებს ჩვენ, გვაერთებს ევროპასთან. სადაც მოთხოვნაა, ვცდილობთ, რომ იმ მიმართულებით განვვითარდეთ“, - განაცხადა მიხეილ ბაბუნაშვილმა.




























