საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კაჭარავა აღნიშნავს, რომ საბორნე მიმოსვლა ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა, სადაც დამატებითი ინვესტიციები შეიძლება ჩაიდოს. მან ამის შესახებ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი კაჭარავას თქმით, ამ კუთხით გამოწვევები არის, თუმცა კერძო სექტორის აქტიურობას ბევრი საკითხის გადაწყვეტა შეუძლია.
„რა თქმა უნდა, გამოწვევები არის, თუმცა მათი გადალახვის შედეგად, შეიძლება უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ შუა კორიდორი. საუბარია ახალ ინვესტიციებზე, გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს გამტარუნარიანობა. ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ძალიან პერსპექტიულია არის საბორნე მიმოსვლა, ვინაიდან პრაქტიკულად შავი ზღვა გვევლინება, როგორც ხიდი ევროკავშირის ქვეყნებთან და სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით უკვე სამი კომპანია ოპერირებს. ამ კუთხითაც შეიძლება იყოს გარკვეულ პოტენციურ ინვესტიციებზე საუბარი. ბევრი საინტერესო მიმართულებაა, რომლებზეც ვმუშაობთ კომპანიებთან კონსულტაციების შედეგად და ვფიქრობთ, საინტერესო შედეგებს დავდებთ ერთობლივად",- აცხადებს გიორგი კაჭარავა.