საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
ელენე ჩომახიძე
14.07.18 16:00
• 1122
შინაგან საქმეთა სამინისტროს საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაუსრულებია.
როგორც BM.GE-ს შსს-ში განუცხადეს, კომპანიაში გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს: საქართველოს სსკ-ს 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც დიდი რაოდენობით ქურდობას გულისხმობს.
286-ე მუხლში არსებობს ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საბროკერო კომპანია Fx Group-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამოღებულია კომპანიის დოკუმენტაცია და მიმდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა.
შეგახსენებთ, რომ Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. Fx Group საერთაშორისო საბირჟო სისტემებზე საქართველოდან წვდომისა და სავაჭრო ოპერაციების ონლაინ განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.