მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საბურთალოზე 4-ის ნაცვლად 6-სართულიანი ობიექტი ააშენეს - კომპანია 50 ათასი ლარით დაჯარიმდა

6391a310b2cbd
BM.GE
08.12.22 12:53
4220
ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს განახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტი უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ 2017 წლიდან აქტიურად მუშაობს.

„უკანონო მშენებლობები მუნიციპალიტეტისთვის დიდი გამოწვევაა. 2017 წლიდან ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. შევცვალეთ რეგულაციები, გავზარდეთ ჯარიმები, მაგრამ ამ ყველაფერმა პრობლემა ვერ მოაგვარა. შემდეგ მივმართეთ საქართველოს პარლამენტს, რის შედეგადაც, მიღებულ იქნა სამშენებლო ამნისტია, რაც გულისხმობს 2020 წლის 18 აგვისტომდე, ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ისეთი დარღვევების პატიებას, როგორიცაა: ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. მომავალში დარღვევების თავიდან არიდების მიზნით, ახალი კანონმდებლობით დამძიმდა სანქციებიც. ცალკეულ შემთხვევებში, სამშენებლო სამუშაოების დარღვევების გამო, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემოვიდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ნებართვა ოთხსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე იყო გაცემული.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, პროექტის დარღვევით წარმოებულ ობიექტთან დაკავშირებით. აქ, წლების წინ, არქიტექტურის სამსახურის მიერ გაიცა ოთხსართულიანი, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა, თუმცა, ორი სართული უნებართვოდ დააშენეს. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის რეაგირებისა და მოლაპარაკების შედეგად, მესაკუთრე უნებართვოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს აპირებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მოგვიანებით, საკითხზე განმარტება გააკეთა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ და თქვა, რომ კომპანია 50 ათასი ლარით, კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები