მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საჭიროა დრო და მოთმინება, რომ რამდენიმე წელში ქუჩაში გაგდებული ცხოველი არ იყოს" - მაია ბითაძე

ძაღლი

2025 წლის ივლისიდან საქართველოს "შინაური ცხოველების შესახებ" ახალი კანონი ექნება. კანონპროექტი უკვე პარლამენტშია და საკომიტეტო მოსმენები 26 თებერვლიდან დაიწყება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ცხოველთა უფლებების დამცველები ესწრებოდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ საკითხზე გაიმართოს საჯარო და ღია დისკუსია, რადგან ეს არ იყოს თავს მოხვეული საკითხები და კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები ყველამ ერთად გაიაზროს.

როგორც კანონპროექტის პრეზენტაციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მაია ბითაძემ განაცხადა, ამ დღეებში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ზოგჯერ მიზანმიმართულიც იყო და გახდა სიმულაციების და აგრესიის წინაპირობა.

მისივე განმარტებით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა საუბარი იმის შესახებ, რომ საჭიროა არსებობდეს საკანონმდებლო აქტი, რომელიც პირველ რიგში დაარეგულირებს ადამიანის ქცევას.

მისივე ინფორმაციით, კანონპროექტზე მუშაობის პროცესში კომიტეტი თანამშრომლობდა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI), რომელმაც სოციოლოგიური კვლევები ჩაატარა და გამოიკვლია, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი (ეროვნული მასშტაბით 56% ) აფიქსირებს, რომ ჰყავს ძაღლი. მათი შეფასებით, ასეთი სტატისტიკა მეტყველებს, რომ ძაღლის მეპატრონეების დიდი ნაწილი ინფორმირებული არ არის იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც ძაღლის საკუთრებაში აყვანას თან სდევს. რაც საბოლოოდ იმას იწვევს, რომ უმრავლესობა ვერ უძლებს ძაღლის ქცევას და ძაღლი საბოლოოდ ქუჩაში ხვდება.

„ხაზგასმით ვამბობ, წინ რამდენიმე თვე გვაქვს, ვიდრე კანონპროექტს საბოლოოდ დავამტკიცებთ. მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი შენიშვნა, რომელიც საჭირო იქნება კანონპროექტის კორექტირებისთვის. კანონპროექტი არის დიდი, რთული და საკმაოდ დიდ ვალდებულებებს აკისრებს როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე მუნიციპალიტეტებს. დიდი რაოდენობით სახსრებია გასაღები იმისთვის, რომ კანონპროექტი სრულად ამოქმედდეს, ასევე საჭიროა დრო და მოთმინება, რომ რამდენიმე წელში ქუჩაში გაგდებული ცხოველი არ იყოს და ყველა ადამიანი, რომელიც უკანონოდ გაამრავლებს, ან ქუჩაში გააგდებს ძაღლს ან კატას, მკაცრად დაისაჯოს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციისთვის, საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც პარლამენტის კომიტეტებში უახლოეს დღეებში დაიწყება, ასევე მოიცავს თანმდევ კანონპროექტებს, კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები