ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სოფია ასპანიძე გადაცემა „ქალების ნარატივში“ ჯანდაცვის სექტორში არსებულ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მთავარი პრობლემა ადამიანური რესურსების ნაკლებობა, პრევენციული მედიცინის მიმართ მოსახლეობის დაბალი ცნობიერება და მედიკამენტების მიმართულებით გაწეული დანახარჯებია.
„ყველაზე დიდი გამოწვევა ადამიანური რესურსია, განსაკუთრებით საექთნო პერსონალის დეფიციტია. მეორე პრობლემა ადამიანების დაბალი ცნობიერებაა პრევენციული მედიცინის მიმართ. საქართველოში ექიმთან მანამ არ მიდიან, სანამ რაიმე არ შეაწუხებთ, ამიტომ საჭიროა მოსახლეობა გადავიდეს პრევენციულ მედიცინაზე, რათა მივუახლოვდეთ ევროპის ისეთ ქვეყნებს, სადაც ადამიანების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80-85 წელს აღწევს. დაბოლოს, უდიდესი გამოწვევაა ის დანახარჯები, რომლის გაწევაც მოსახლეობას მედიკამენტების მიმართულებით უწევს“, – აცხადებს სოფია ასპანიძე.
მისი თქმით, პანდემიის გამო ჯანდაცვის სისტემაში სხვა დამატებითი პრობლემებიც გაჩნდა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შეფერხებული იმუნიზაციაა.
„პანდემიის მართვის საერთო სურათს თუ შევხედავთ ყველა ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა, ზოგან შედარებით გვიან, ზოგან კი შეუსაბამოდ, კოვიდპირობებში მაინც ყველაზე დიდი გამოწვევა იმუნიზაციაა, რაც არ უნდა ვთქვათ, რომ ვაქცინა გამოუცდელია, როცა სასწორზე დგება ადამიანის სიცოცხლე და მეორე მხარეს „გამოუკვლეველი“ ვაქცინა, ჩვენ არჩევანი სიცოცხლეების სასარგებლოდ უნდა გავაკეთოთ, ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაა“, - ამბობს ჯანდაცვის განვითარების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.