თბილისის მერის თქმით, 2017-ში დედაქალაქის მასშტაბით, საგზაო სამუშაოები ჩატარდება 600-მდე მისამართზე, მათ შორის, ისეთი მნიშვნელობის გზებზე, როგორიცაა ავლაბრის მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე არსებული მონაკვეთი, პეკინის ქუჩა, ფეიქრების ქუჩა და სხვ. დავით ნარმანიას თქმით, ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ჩატარდება გზის გაფართოების სამუშაოები, რაც თბილისში ხელს შეუწყობს აღნიშნული გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას და მოძრაობის გამტარუნარიანობას გაზრდის.
გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, გაგრძელდება საინჟინრო ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-აღდგენა-რეკონსტრუქცია, რისთვისაც 2017 წელს 24 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
„ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, 2017-ის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი იქნება, ასევე, რაგბის ახალი კომპლექსი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყო. 4 ჰა ტერიტორიაზე ოთხი მოედანი განლაგდება. პროექტი 1000 გულშემატკივარზე გათვლილ ტრიბუნას ითვალისწინებს. კომპლექსი მასშტაბურია და 2017 წელს თბილისი უმასპინძლებს რაგბის მსოფლიო ახალგაზრდულ, 20 წლამდელთა თამაშების ერთ ნაწილს.
„პროექტების ბოლოს კი აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ გუშინ საკრებულომ განიხილა და მიიღო ქვენორმატიული ცვლილებების პაკეტი, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივ გადასახადებსა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს შეეხებოდა. შესაბამისად, 2017 წელს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან, შესაძლებელი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით 52,3 მლნ ლარის მობილიზება, რაც საშუალებას მოგვცემს ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა განვახორციელოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

























