მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საცხოვრებელ ზონაში საბურავებით, აალებადი ნივთიერებებით ვაჭრობა იკრძალება - მერიის ინიციატივა

5c88b6c1243f3
შოთა ტყეშელაშვილი
13.03.19 11:56
1479
თბილისის საცხოვრებელ ზონაში ავტომობილების მეორადი საბურავებით, აალებადი ნივთიერებებით, ჯართით და დაშლილი ნაწილებით ვაჭრობა შესაძლოა აიკრძალოს.

ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, მისი დავალებით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც ამ ტიპის ვაჭრობის სპეციალურ ბუფერულ ზონებში გადატანას ითვალისწინებს.

კალაძის თქმით, ასეთი ვაჭრობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს დღეს ე.წ. “ელიავას ბაზრობა” წარმოადგენს, რაც თბილისის ეკოლოგიას და მის გარშემო მაცხოვრებლებს სერიოზულ პრობლემას უქმნის.

რეგულაციით მკაცრად გაკონტროლდება დედაქალაქში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის, ჯართის, ექსპლოატაციიდან გამოსული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი და ფეთქებადი ნივთების განთავსება. ასევე, მათი რეალიზება იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული. ხოლო განსაზღვრულ ზონაში განთავსება დარეგულირდება გარკვეული წესებით.

ჩვენ ამას გვკარნახობს გენერალური გეგმა. გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა პირდაპირ ჩაწერა, რომ საცხოვრებელი ზონების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის შესახებ. ერთ-ერთი ნათელი მაგალილთი არის "ელიავას ბაზრობა", რომელიც არის საცხოვრებელი ზონა, უამრავი ადამიანი ცხოვრობს და იქ პირდაპირ ხდება ასეთი მასალების, აი რაც ჩამოვთვალე, მათი რეალიზაცია - ყიდვა, გაყიდვა და ასე შემდეგ, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გარემოს თვალსაზრისით, იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და მთლიანად ქალაქისთვის. შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იქნეს დარეგულირებული.

ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, რომ გარკვეული ბუფერული ზონები უნდა შეიქმნას, საცხოვრებელ ადგილებს შორის. დღეს ასეთი ზონები არ არსებობს და მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია აღწეროს ისეთი ტერიტორიები, სადაც გროვდება დამაბინძურებელი ნივთიერებები და უფლებრივი ზონების მიხედვით აკრძალოს კონკრეტული სახის საქმიანობა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს როგორც გარემოსთვის ასევე ადამიანების ჯანმრთელობისთვის,” - განაცხადა კალაძემ.

საკანონმდებლო ცვლილების დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები