დარგის სპეციალისტების შეფასებით, საქართველო მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის მიმართულებით ევროპულ სტანდარტს ჩამორჩება, თუმცა ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში.
სპეციალისტებმა "ჯანდაცვის სტანდარტის" ეთერში საქართველოში მაღალტექნოლოგიური კარდიოლოგიის არსებული სტატუსის, ინოვაციებისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მიღწევებთან და პროგრესთან ერთად, მრავლად არის გამოწვევები, რაც მათ შორის ფინანსებთანაა დაკავშირებული.
"გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ინტერვენციული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ალექსანდრე ალადაშვილი: "ევროპის სტანდარტებს თუ შევედრებით, რასაკვირველია იმ დონეზე ჩვენ დღეს არ ვართ, მაგრამ თუ შევედრებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, განვითარებად ქვეყნებს, საკმაოდ ბევრი მიღწევებია და ნორმალურ დონეზეა. რასაკვირველია პრობლემებიც ბევრია. ერთი მინდა დავამატო, როცა ვლაპარაკობთ სტანდარტზე, მაგალითად, სადღაც 8-10 წლის წინ ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებაში ეკონომისტებთან ერთად დაიანგარიშეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმისათვის, რომ ევროპის გაიდლაინების რეკომენდაციები დაკმაყოფილდეს, მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) 20,000 დოლარზე მეტი უნდა იყოს. ასე რომ, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მე მგონი უფრო კარგად ვართ, ვიდრე დაფინანსება გვაძლევს ამის საშუალებას".
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის კარდიოქირურგიული დეპარტამენტის და NewHospitals-ის კადიოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კარდიოქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა კაციტაძე: "დღესდღეობით კარდიოლოგია-კარდიოქირურგია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როცა სახელმწიფო იწყებს ინვესტიციას დარგში. 90-იანი წლების ბოლოდან, 96-97 წლიდან, მაშინდელი ჯანდაცვის სამინისტროდან წამოვიდა ეს და ჯერ დაწყებული იქნა ბავშვთა პროგრამა ჯოენში, შემდეგ ეს გადავიდა დიდების პროგრამაში. მოხდა მაშინ პროგრამის შემუშავება, მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, მოხდა დაფინანსება, იყო კერძო კლინიკები, ამ კერძო კლინიკებმა დაიწყეს დარგის განვითარება. დღევანდელ მედიცინაში ახალს ვერაფერს იზამ, თუ ტექნიკურმა პროგრესმა არ შეგიწყო ხელი. რეგიონში ლიდერები ვართ ამ საქმეში, საკმაოდ წინ ვართ. თუ გახსოვთ 90-იან წლებში სომხეთში მიდიოდნენ პაციენტები, იქ იკეთებდნენ ოპერაციებს, ახლა პირიქით ხდება".
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოქირურგი - ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ბახუტაშვილი: "90-იანი წლების ბოლოს ჩაისახა თანამედროვე კარდიოლოგია-კარდიოქირურგია საქართველოში და ამ პროცესის რეალიზაციის ავტორები აქ არიან. დღეს გვაქვს დიდი შანსი, რომ სამ ენაზე სამედიცინო ტურიზმის საკითხი დავიწყოთ საქართველოში, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეში, ბალტიისპირეთს თუ არ ვიტყვით, საკმაოდ რთული სიტუაციაა ერთეული ადგილების გარდა და საქართველოში არიან ექიმები, რომლებიც რუსულადაც საუბრობენ, პირდაპირი კომფორტის შექმნა შეიძლება ამ პაციენტებისთვის. რა თქმა უნდა, თურქეთს უნდა გავუწიოთ კონკურენცია, მაგრამ ფასებში ნამდვილად გავუწევთ კონკურენციას და ვიტყოდი ხარისხშიც გავუწევთ".
კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოქირურგი, კარდიოქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, სულხან ლომინაძე: "იყო პერიოდი, სანამ მაღალტექნოლოგიური მიმართულება კარდიოქირურგიაში დაინერგებოდა, ჩვენ ვიყავით ევროპულ დონეზე, როდესაც ეს იყო სუფთა პროფესიონალიზმზე, ხარისხზე და ასე შემდეგ. უბრალოდ მერე, 2010 წლის შემდგომ წლებში, როდესაც წამოვიდა მაღალტექნოლოგიური მიმართულებები, უკვე აქ მოხდა ჩვენი ჩამორჩენა, თორემ მანამდე ძალიან თანაბრად ვიყავით ევროპულ დონესთანაც".
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, “ჯეოჰოსპიტალსის” არითმოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ხათუნა ჯალაბაძე: "მედიცინა განვითარებადია და ამავდროულად მოითხოვს ძალიან დიდ ფინანსურ ინვესტიციას. ჩვენ ვიცით, რომ არცერთი სისტემა მსოფლიოში არ არის სრულყოფილი, ამიტომ სპეციალისტების ჩართულობა იმისთვის, რომ იხვეწებოდეს სისტემა, ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ჩემს სფეროზე ვიტყვი - რითმოლოგია შეიძლება ითქვას მთლიანად მაღალტექნოლოგიური და სწრაფად განვითარებადი სფეროა. ჩვენ დავიწყეთ ისეთ დროს, როდესაც არანაირი დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა და ის, რაც დღეს გვაქვს, გამოწვეულია იმით, რომ გაიზარდა სახელმწიფოს ჩართულობა პაციენტების დაფინანსებაში. მაგრამ ეს კიდევ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ფეხი ავუწყოთ იმ სტანდარტს, რასაც მაღალტექნოლოგიური პროცედურები ჰქვია".
მედიცინის დოქტორი, "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა "ჰელსიკორი-ს" ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ირაკლი გოგორიშვილი: "მიწევს ბოლო დროს სიარული სხვადასხვა ქვეყანაში და შეხვედრა ჩვენს კოლეგებთან. შემიძლია გითხრათ, რომ ის დამოკიდებულება, რომ თავის დროზე აქ დადიოდნენ სამკურნალოდ, ეს აღარ არის. მაგრამ ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად ვჯობნიდით რეგიონში სხვებს, ესეც აღარ არის. მაგალითისთვის მოვიყვან TAVI-ს (ტრანსკათეტერული აორტის სარქვლის იმპლანტაცია), რომელიც უკვე 23 წელია არსებობს. ჩვენთან ეს პროცედურები, მაგალითად, არ ფინანსდება. წელს იყო რეკორდი - 70 პროცედურა ჩატარდა, იმ დროს როდესაც აზერბაიჯანში ფინანსდება თვეში აკეთებენ 20-ს. თურქეთში სახელმწიფო შესყიდვაა და სულ სხვა ფასებია შეიძლება ხარისხის გამო კარდიოლოგიის პაციენტები უცხოეთში აღარ მიდიან, მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როცა ფასის გამო წავიდნენ, იმიტომ რომ სახელმწიფო დონეზე შესყიდვას ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ. საბოლოო ჯამში ყველაფერი ფინანსებთან მიდის, მაგრამ არ არის მარტო ეს. არის უზარმაზარი კადრების დენადობა. კარგი ქართველი სტუდენტი ყველა ემზადება უცხოეთში წასასვლელად. ძალიან კარგები აბარებენ ამერიკულ გამოცდას და მიდიან იქით".




























