2016 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მართვიდან მიღებულმა შემოსავალებმა 39.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2015 წელს მიღებულ შემოსავლებზე 65 პროცენტით მეტია.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის თანახმად, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 2,757 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2016 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო პოლიტიკა კვლავინდებურად კონსერვატული და საკრედიტო რისკების შემცირებაზე ორიენტირებული იყო.
"საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები განთავსებული იყო აშშ–ის, ევროზონის ქვეყნების, ავსტრალიისა და კანადის სახელმწიფო, სახელმწიფო სააგენტოებისა და სუპრანაციონალური საფინანსო ინსტიტუტების მაღალლიკვიდურ ფასიან ქაღალდებში და მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო საბანკო დაწესებულებებში", - წერია დოკუმენტში.

























