ბოლო ერთი წლის განმავლობაში კაკაოს ფასი 115%-ითაა გაზრდილი. კაკაოს გაძვირებას ის ფაქტი განაპირობებს, რომ დასავლეთ აფრიკაში მოსავალი შემცირებულია, ამან კი საერთაშორისო ბაზარზე დეფიციტი გამოიწვია. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ის ფაქტი, რომ შოკოლადის უმსხვილესმა საწარმოებმა ბაზარზე არსებული კაკაოს მოსავლის პანიკური შესყიდვა დაიწყეს.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ 3.2 მლნ აშშ დოლარის 702.9 ტონა კაკაოს ფხვნილი იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 2.6 მლნ აშშ დოლარის 723.4 ტონა. გამოდის, რომ წელს შაქრის დამატების გარეშე 1 კგ კაკაოს ფხვნილში $4.62 გადაიხადა, გასულ წელს კი, $3.67 გადაიხადა. გაძვირება 20.5%-ია.
იმპორტიორი ქვეყნების TOP-5 კი, შემდეგია:
- ნიდერლანდები - $1.2 მლნ-ს 281.3 ტონა;
- თურქეთი - $517.3 ათასის 86.4 ტონა;
- საფრანგეთი - $399.6 ათასის 92.5 ტონა;
- ესპანეთი - $379.9 ათასის 113 ტონა;
- იტალია - $299.5 ათასის 65.4 ტონა.
გაცილებით მცირეა კაკაოს მარცვლის იმპორტი. 2024 წლის 8 თვეში საქართველომ 4 140 აშშ დოლარის 400 კგ მარცვალი იყიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი 8 500 დოლარის ღირებულების 1.2 ტონა. კაკაოს მარცვლის იმპორტის ფასი საქართველოსთვის 45%-ით გაიზარდა. გასულ წელს 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი 7.14 დოლარი იყო, წელს კი 10.35 დოლარამდეა გაზრდილი.
2024 წელს იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: ნიდერლანდები - 3.6 ათასი აშშ დოლარი, საფრანგეთი - 330 აშშ დოლარი, ბულგარეთი 120 - აშშ დოლარი.
საიმპორტო ფასი მითითებულია გადასახადების გარეშე.