მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად დაიბადა ყველაზე მეტი ბავშვი 2025 წელს | რა ვითარებაა საქართველოში?

ახალშობილი

2025 წელს მსოფლიოს დემოგრაფიულმა რუკამ მკვეთრი ცვლილებები განიცადა, რასაც Visual Capitalist-ის უახლესი მონაცემებიც ადასტურებს.

გლობალურად შობადობის მაჩვენებელი აზიაში და აფრიკაშია კონცენტრირებული, სადაც ლიდერის პოზიციას ინდოეთი იკავებს.

უახლესი მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ინდოეთში დაახლოებით 23.1 მილიონი ბავშვი დაიბადა, რაც მსოფლიო შობადობის თითქმის 17%-ს შეადგენს. ინდოეთში შობადობის კოეფიციენტი შემცირებულია, თუმცა ქვეყანა პირველობას “დემოგრაფიული ინერციის” ხარჯზე ინარჩუნებს. მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაში, რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ადამიანების რაოდენობაც რეკორდულია, შესაბამისად ინდოეთში ყოველ წელს ყველაზე მეტი ახალშობილი იბადება.

რეიტინგში მეორე ადგილზეა ჩინეთი 8.7 მილიონი ახალშობილით, რაც მნიშვნელოვანი კლებაა გასულ ათწლეულებთან შედარებით და ქვეყნის დაბალ ნაყოფიერებაზე მიუთითებს. ქვეყანა შობადობის კუთხით, ისტორიულ გარდატეხას განიცდის. ჩინეთი სწრაფად ბერდება და 2025 მოსახლეობის კლების ტენდენციის კიდევ ერთი წელია.

იმ ქვეყნების სიაში, სადაც 2025 წელს ყველაზე მეტი ადამიანი დაიბადა მესამე ადგილზე ნიგერიაა. ქვეყანას გასულ წელს ჯამში დაახლოებით 7.6 მილიონი ჩვილი შეემატა. ეს მონაცემები კიდევ ერთი დასტურია აფრიკის კონტინენტის დემოგრაფიული ბუმის. საინტერესოა, რომ მხოლოდ ნიგერიაში უფრო მეტი ბავშვი იბადება, ვიდრე მთელ ევროპაში ერთად. ნიგერიას შემთხვევაში პრობლემა არა დემოგრაფია, არამედ მოსახლეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და სამუშაო ადგილების შეთავაზებაა. ქვეყანაში საშუალო ასაკი მხოლოდ 18 წელია, ხოლო ფერტილობის კოეფიციენტი 5.0-ს აჭარბებს.

მეოთხე და მეხუთე პოზიციებს პაკისტანი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ინაწილებენ, შესაბამისად 6.9 და 4.5 მილიონი ახალშობილით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს განვითარებადი ქვეყნების მზარდ წილს მსოფლიო მოსახლეობის მატებაში. აღსანიშნავია, რომ მაგალითად პაკისტანში მოსახლეობის 40%-ზე მეტი 15 წლამდე ასაკისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის სტაბილური მატება გარანტირებული იქნება. რაც შეეხება კონგოს, ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა. აქ ფერტილობის მაჩვენებელი მაღალია რაც ურბანიზაციის დაბალი დონითა და ადრეული ქორწინებებით არის განპირობებული.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც 2025 წელს ყველაზე ცოტა ადამიანი დაიბადა, აქ სურათი რადიკალურად განსხვავებულია და ძირითადად მაღალშემოსავლიან, „დაბერებულ“ ეკონომიკებზე ნაწილდება.

შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სამხრეთ კორეაშია. 2025 წლისთვის ქვეყანა „ჰიპერ-დაბერების“ ფაზაში შევიდა. ფერტილობის კოეფიციენტი 0.65-0.7-ის ფარგლებშია, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შობადობა იმდენად მცირეა, რომ სამუშაო ძალის განახლება მიგრაციის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

სამხრეთ კორეას იაპონია მოჰყვება, სადაც დემოგრაფიული კრიზისი ათწლეულებია გრძელდება და ბავშვთა წილი მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. ყოველწლიურად გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს დაბადებულთა რიცხვს, ხოლო მოსახლეობის მესამედზე მეტი 65 წელს გადაცილებულია.

ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შობადობის მაჩვენებელი - ჰონკონგშია, ქვეყანაში შობადობის დონე იმდენად დაბალია, რომ იგი მოსახლეობის ბუნებრივი ჩანაცვლებისთვის საჭირო ზღვარს ბევრად ჩამორჩება. 2025 წლის მონაცემებით, ბუნებრივი მატება უარყოფითია და ქალაქი მოსახლეობის სტაბილურობის შენარჩუნებას მხოლოდ ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ტალანტების მოზიდვის ხარჯზე ახერხებს.

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, 2025 წლის გლობალური დემოგრაფიული მონაცემები ევროპისთვის საგანგაშო სურათს ასახავს. კონტინენტი, რომელიც ოდესღაც მსოფლიოს მამოძრავებელი ძალა იყო, ახლა „დემოგრაფიული ზამთრის“ ეპიცენტრში ექცევა. Visual Capitalist-ის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ ევროპის წილი მსოფლიო შობადობაში კრიტიკულ მინიმუმამდე - 4.7%-მდე შემცირდა. მაშინ, როცა მსოფლიოში წელიწადში 132 მილიონი ბავშვი იბადება, მთელი ევროპის კონტინენტზე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6.3 მილიონს შეადგენს.

ამ მონაცემების დრამატულობის აღსაქმელად საუკეთესო გზა შედარებაა. მხოლოდ ნიგერიაში იმაზე მეტი ბავშვი იბადება ვიდრე ევროპის ყველა ქვეყანაში ერთად აღებული. ეს მიუთითებს გლობალური ძალთა ბალანსის ფუნდამენტურ ცვლილებაზე, სადაც ევროპა კარგავს თავის ადამიანურ რესურსს.

ევროპული კრიზისის საფუძველი შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტია. იმისთვის, რომ მოსახლეობის რაოდენობა სტაბილური დარჩეს, საჭიროა კოეფიციენტი იყოს 2.1, თუმცა ევროპის უმეტეს ქვეყნებში ეს ნიშნული 1.4-1.6-ის ფარგლებში მერყეობს. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა იტალია და ესპანეთი, ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან, სადაც შობადობა 1.2-მდეა შემცირებული.

მონაცემები ცხადყოფს, რომ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკებიც კი - გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, თაობათა ბუნებრივ ცვლას ვეღარ უზრუნველყოფენ. მოსახლეობამ პიკს 2021 წელს მიაღწია და მას შემდეგ დაწყებული კლებადი ტრენდი შეუქცევადია. სამუშაო ძალა მცირდება, ხოლო პენსიაზე გასული, ხანდაზმული მოსახლეობის წილი იზრდება, რაც სახელმწიფოების სოციალურ და საპენსიო სისტემებს ჩამოშლის საფრთხეს უქმნის.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ დემოგრაფიული სურათი ევროპასთან შედარებით უფრო მდგრადია, თუმცა ტენდენციები მაინც დაღმავალია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში შობადობის კოეფიციენტი აღწარმოების საჭირო ნიშნულს ჩამორჩება, ქვეყანა მაინც ინარჩუნებს მოსახლეობის ზრდის პოტენციალს უფრო ახალგაზრდა ასაკობრივი სტრუქტურისა და მასშტაბური იმიგრაციის წყალობით.

რაც შეეხება საქართველოს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ჯამში 39 483 ახალშობილი დაიბადა. 2024 წელს საქართველოში შობადობამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. საქართველო მწვავე დემოგრაფიული კრიზისის წინაშე დგას. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ არამხოლოდ შობადობის კლებასთან გვაქვს საქმე, არამედ დეპოპულაციასთან, მოვლენასთან, რომლის დროსაც სიკვდილიანობა შობადობას აჭარბებს. უფრო კონკრეტულად 2024 წელს საქართველოში 43 971 ადამიანი გარდაიცვალა, ეს კი იმას ნიშნავს რომ ბუნებრივი მატება უარყოფითი იყო. საქართველოს მოსახლეობა ბუნებრივი გზით მცირდება. თუ ადრე შობადობა მაინც აჭარბებდა სიკვდილიანობას, ახლა სიკვდილიანობა სტაბილურად მეტია შობადობაზე.

ქვეყანაში შობადობამ ათწლეულების პიკს 2014 წელს მიაღწია, მაშინ, როდესაც საქართველოში ჯამში 60 635 ახალშობილი დაიბადა. საქართველოში ბოლო 10 წელიწადში შობადობა თითქმის 35%-ით შემცირდა. 2024 წლის მაჩვენებელი 1994 წელთან შედარებითაც კი კატასტროფულად დაბალია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა ადამიანურ რესურსს კარგავს.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2025 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, რაც დაბადებას, გარდაცვალებას, ქორწინებასა და განქორწინებას მოიცავს მიმდინარე წლის 27 მარტს გამოაქვეყნებს.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები