მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სად გადადიან ულტრამდიდარი ადამიანები საცხოვრებლად? - TOP 10

თვითმფრინავი

პლანეტის ულტრა მდიდარი ადამიანები იმაზე მობილურები არიან, ვიდრე - ოდესმე. კვლევები ადასტურებს, რომ ღია ეკონომიკა, საზღვარგარეთიდან დისტანციური მუშაობის სიმარტივე და სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემოღებული “ოქროს ვიზის” სქემები ხელს უწყობთ დიდი ქონების, სულ მცირე $1 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივების მფლობელ ადამიანებს, დატოვონ თავიანთი ქვეყნები.

რეზიდენტულმა ფირმა Henley & Partners-მა 2025 წლის სიმდიდრის მიგრაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც დასახელებულია ის ქვეყნები, რომლებიც წლის განმავლობაში საცხოვრებლად ყველაზე მეტ მილიონერს მიიღებენ ან დაკარგავენ.

ავსტრალია: +1000 მილიონერი

მაგალითად, ანგარიშის თანახმად, ავსტრალია წელს საცხოვრებლად 1000-მდე ულტრამდიდარ ადამიანს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა მილიონერთათვის ნომერ პირველ საემიგრაციო მიმართულებად უკვე იქცა 2019 წელს, როდესაც 12 ათასი მათგანი სწორედ ავსტრალიაში გადაცხოვრდა. 2010-იანი წლების შემდეგ ქვეყნის პოპულარობა შემცირდა, თუმცა ის კვლავ მიიჩნევა მილიონერთათვის სასურველ ადგილად, პოლიტიკური სტაბილურობის, ჯანდაცვის გამართული სისტემებისა და ხელსაყრელი საგადასახადო პირობების გამო.

კანადა: +1000 მილიონერი

მდიდარი ადამიანებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად კანადა მიიჩნევა. განსაკუთრებით მათთვის, ვინც ევროპის ან აზიის ქვეყნებიდან მოდის. ლიბერალური ეკონომიკის, ძლიერი საკანონმდებლო სისტემებისა და გამართული ინფრასტრუქტურის ხარჯზე კანადა წელს 1000-მდე მილიონერს მიიზიდავს.

საბერძნეთი: +1200 მილიონერი

რეიტინგში ყველაზე მოულოდნელი მიმართულება, ალბათ, საბერძნეთია, რომელიც წელს ანგარიშის თანახმად, 1200 ულტრა მდიდარ ადამიანს მიიღებს. მიუხედავად მზარდი საგარეო ვალისა და მკაცრი საგადასახადო პირობებისა, ეს ევროპული ქვეყანა პოპულარულ მიმართულებად მას შემდეგ იქცა, რაც ხელისუფლებამ “ოქროს ვიზის პროგრამა” წარადგინა და ინვესტიციის სანაცვლოდ არაევროკავშირის მოქალაქეებს ბინადრობის უფლებას აძლევს. ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს სულ მცირე 250 ათასი ევროს ღირებულების უძრავი ქონების შესყიდვა, 500 ათასი ევროს ინვესტირება სამთავრობო ობლიგაციებსა და ბიზნესებში, ან 10-წლიანი იჯარის გაფორმება ადგილობრივ ტურისტულ ობიექტთან.

პორტუგალია: +1400 მილიონერი

2024 წლის პროგნოზით, პორტუგალიას 800 ულტრა მდიდარი ბიზნესმენი უნდა მიეზიდა, წელს კი ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა და 1400-ს მიაღწია. პორტუგალიის “ოქროს ბინადრობის ნებართვის” პროგრამით, არარეზიდენტებს ვიზის მიღება ქვეყანაში 250 ათასი ევროს ინვესტირებისწ შემდეგ შეუძლიათ.

სინგაპური: +1600 მილიონერი

კოვიდპანდემიის დროს საზღვრების ორი წლით დახურვამდე სინგაპურმა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე ღია ეკონომიკამ, დიდი ქონების მქონე 1500 ადამიანს გაუღო კარი. ეს რიცხვი პანდემიის შემდეგ მხოლოდ გაიზარდა, 2024 წლის ანგარიშით კი 3500-ს მიაღწია. წელს სინგაპური, სავარაუდოდ, 1600 მილიონერს მიიღებს. “აღმოსავლეთის შვეიცარიად” წოდებული ქალაქ-სახელმწიფო ბიზნესმენებს მრავალ სარგებელს სთავაზობს, მათ შორის ერთ-ერთი კი კაპიტალზე მოგების გადასახადის არარსებობაა.

საუდის არაბეთი: +2400 მილიონერი

რეიტინგის ტოპ ათეულში წელს პირველად მოხვდა საუდის არაბეთი, რომელიც 2025 წლის ბოლომდე 2400 მილიონერს მიიღებს, რაც, 2024 წლის მაჩვენებელთან, 300 ულტრამდიდარ ბიზნესმენთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილი. Henley & Partners-ის ანალიზით, საუდის არაბეთი სასურველ მიმართულებად მას შემდეგ იქცა, რაც ქვეყანამ ეკონომიკის დივერსიფიკაცია გადაწყვიტა და, ნავთობინდუსტრიის მიღმა, ახალი შესაძლებლობები შექმნა.

შვეიცარია: +3000 მილიონერი

შესაძლოა, ცხოვრების ღირებულება შვეიცარიაში იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე გლობალური საშუალო მაჩვენებელია, თუმცა, როგორც ჩანს, პლანეტის ულტრამდიდარი ადამიანები მზად არიან, ეს ფასი გადაიხადონ. სანაცვლოდ, შვეიცარიელი მილიონერები ცხოვრების მაღალ ხარიხს, აყვავებულ ფინანსურ სექტორს და მოგებიან საგადასახადო კანონმდებლობას იღებენ. გასულ წელს შვეიცარიაში 1500 მილიონერი გადაცხოვრდა, წელს კი ამ რიცხვის გაორმაგებაა ნავარაუდები.

იტალია: +3600 მილიონერი

გასულ წელს 2,200 მილიონერის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ წელს იტალიაში “ლა დოლჩე ვიტას” საძიებლად 3600 მილიონერი გადაცხოვრდება. მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, ისეთ ქვეყნებს დატოვებენ, სადაც ქონების გადასახადები მაღალია, მაშინ, როცა იტალიაში 4%-დან იწყება. მდიდარ მიგრანტებს აქ საშუალება აქვთ, თავიდან აირიდონ რეგულარული წლიური გადასახადები და სანაცვლოდ ფიქსირებული, ერთჯერადი განაკვეთი გადაიხადონ, რაც 100 000 ევროთი განისაზღვრება.

აშშ: +7500 მილიონერი

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამერიკელი მილიონერი საზღვარგარეთ გადასვლას განიხილავს, შეერთებული შტატები მაინც მიმზიდველ ქვეყნად რჩება პლანეტის მდიდარი მოსახლეობისთვის. ქვეყანა მილიონერებს არა მხოლოდ წამყვანი ტექნოლოგიური ჰაბის სტატუსით იზიდავს, არამედ ის სულ უფრო საინტერესო ხდება მდიდარი პენსიონერებისთვისაც. პოპულარული საემიგრაციო წერტილი კი ფლორიდის შტატია. მწვანე ბარათის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში 800 ათასი დოლარის ინვესტიცია, ან ამერიკელებისთვის 10 სამუშაო ადგილის შექმნაა საჭირო, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ამ პროგრამის “ოქროს ბარათით” ჩანაცვლებას განიხილავს, რაც მდიდარ მიგრანტებს ბინადრობის უფლებას 5 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მისცემთ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები: +9800 მილიონერი

ზედიზედ მეოთხე წელია, რეიტინგის სათავეში არაბთა გაერთიანებული საამიროები ხვდება, სადაც 2025 წელს საცხოვრებლად 9800 მილიონერი ჩავა, 3100-ით მეტი, ვიდრე - 2024-ში. როგორც აღმოჩნდა, საამიროები ულტრამდიდარი ადამიანებისთვის რამდენიმე ათეული წელია მიმზიდველია, 2000 წლიდან დღემდე ქვეყანაში 35 ათასზე მეტი მილიონერი გადაცხოვრდა. არაბთა გაერთანებული საამიროები ულტრამდიდარ მიგრანტების, როგორც წესი, ახლომდებარე ქვეყნებიდან იზიდავდა. 2025 წლის ანგარიშიდან კი გამოიკვეთა, რომ სწრაფად იზრდება ინტერესი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდანაც. ფუფუნება, კრიმინალის დაბალი დონე, მინიმალური გადასახადები და ჯანდაცვის გამართული სისტემა მცირედია იმ ჩამონათვალში, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების პოპულარობას უწყობს ხელს.

Henley & Partners-ის ანგარიშში ის ქვეყნების ხვდებიან, რომლებმაც ბოლო წლებში განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით დაკარგეს ულტრამდიდარი მოსახლეობა. ისეთ ფაქტორებს, როგორებიც უსაფრთხოება, გადასახადები და გეოპოლიტიკური მოვლენებია, მილიონერთა მიგრაციის წახალისება შეუძლია და 2025 წელს ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ: ისრაელს, გერმანიას, ესპანეთს, საფრანგეთს, ბრაზილიას, რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ კორეას, ინდოეთს, ჩინეთსა და გაერთიანებულ სამეფოს დაუდგებათ.

ვითარება ყველაზე მწვავე გაერთიანებულ სამეფოშია, რომელიც, როგორც წესი, მილიონერ მიგრანტთა ახალ საცხოვრებლად განიხილებოდა, 2017 წლიდან კი ულტრამდიდარი მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქვეყანა პირველად დატოვა, რაც, მაღალი ვარაუდით, ბრექსითის დამსახურება უნდა იყოს. 2025 წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ანტირეკორდსმენთა რეიტინგის სათავეში ევროპული ქვეყანა მოხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები