მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ღირს ინტერნეტი ყველაზე ძვირი და იაფი? - რეიტინგი

ინტერნეტი

ინტერნეტი თანამედროვე ეპოქის ყველაზე ტრანსფორმაციული ტექნოლოგიაა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით ფაქტობრივად ყველა ინდუსტრია თავდაყირა დააყენა. გლობალიზაციის და საერთაშორისო ვაჭრობის დამაჩქარებელ ფაქტორებს შორის უდიდესი წვლილი სწორედ ინტერნეტს მიუძღვის, ამიტომაც ამ ტექნოლოგიასთან წვდომა ყველა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის ხელმისაწვდომობა საკმაოდ განსხვავებულია. ზოგიერთ ქვეყანასა და რეგიონში კი სტაბილური ინტერნეტი საერთოდ ხელმისაწვდომიც კი არ არის.

ამჯერად ინტერნეტის გავრცელების ყველაზე სტაბილურ ფორმაზე, საკაბელო კავშირგაბმულობაზე ვისაუბრებთ. ყოველწლიურად ინტერნეტის მეშვეობით დაახლოებით 5 ზეტაბაიტის მოცულობის ინფორმაცია ტარდება, რაც 5 ტრილიონი გიგაბაიტის ეკვივალენტია. ამ კოლოსალური მონაცემების 95%-ის დისტრიბუციას წყალქვეშა საკაბელო სისტემა უზრუნველყოფს, რომელიც კონტინენტებსა და სახელმწიფოების ერთმანეთთან აკავშირებს.

ყველაზე დიდი მოცულობით ინტერნეტს ამერიკის შეერთებული შტატები მოიხმარს, რომელზეც მონაცემების საერთო მოცულობის 35% მოდის. მეორე ადგილზე ჩინეთია, რომელიც დაახლოებით 1 ზეტაბაიტ ინტერნეტს მოიხმარს.

მსოფლიოს მასშტაბით მოხმარებასთან ერთად, განსხვავებულია ინტერნეტის ჩამოტვირთვის, ატვირთვისა და დაყოვნების მაჩვენებლებიც, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ინფრასტრუქტურის ხარისხი და გამანაწილებელ ცენტრებთან სიახლოვეა. საშუალოდ, ყველაზე სტაბილური და სწრაფი ინტერნეტი სწორედ ამერიკაშია ხელმისაწვდომი, რაც არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს.

რაც შეეხება ინტერნეტის ფასს, რა თქმა უნდა, ქვეყნების მიხედვით ისიც განსხვავებულია. 60 მეგაბაიტი - წამის სიჩქარის საკაბელო ინტერნეტი საშუალოდ ყველაზე ძვირი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ღირს, სადაც ყოველთვიურ გადასახადი 100 დოლარს აღწევს. სიძვირით მეორე ადგილს კატარი იკავებს, სადაც ინტერნეტი საშუალოდ 89 დოლარი ღირს. ჩამონათვალში ასევე ვხედავთ საუდის არაბეთს, სადაც ყოველთვიური გადასახადი 73 დოლარის ფარგლებშია. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტი ყველაზე ძვირად სპარსეთის ყურის ქვეყნებში ფასობს, რაც ინფრასტრუქტურის მოწყობის სირთულითა და ზემოხსენებული სახელმწიფოების ეკონომიკური მდგომარეობით არის განპირობებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც საკმაოდ ძვირია და 60-მეგაბაიტიანი საკაბელო ინტერნეტის ღირებულება ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 71 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ევროპის რეგიონს, ამ შემთხვევაში, ფასები 30-დან 50 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, შვეიცარიაში ფასი 60 დოლარს აღწევს.

რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს შორეული აღმოსავლეთისა და აზიის რეგიონში, სადაც ფასები 7-დან 15 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რასაც მოსახლეობის რაოდენობა განაპირობებს. მოგეხსენებათ, ჩინეთსა და ინდოეთში პლანეტის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, შესაბამისად, ასეთი დიდი ბაზარი სატელეკომუნიკაციო კომპანიების ინტერნეტის უფრო იაფად მიწოდების საშუალებას აძლევს.

რაც შეეხება კავკასიის რეგიონს, ყველაზე იაფად ინტერნეტი რუსეთშია ხელმისაწვდომი, სადაც მისი ფასი 6 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თურქეთში ერთთვიანი აბონემენტის ღირებულება დაახლოებით 10 დოლარია. აზერბაიჯანში 60-მეგაბაიტიანი ინტერნეტი 16 დოლარადაა ხელმისაწვდომი. საქართველოში ამ სიჩქარის ინტერნეტი დაახლოებით 18-19 დოლარადაა ბაზარზე წარმოდგენილი, სომხეთში კი ფასი 19 დოლარს აღწევს.

ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ინტერნეტი საკმაოდ იაფია, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ევროპასთან შედარებით საქართველოს მოსახლეობას ნაკლები შემოსავალი აქვს, შესაბამისად, ინტერნეტის მომსახურებაზე ქართველებს შემოსავლის უფრო დიდი წილის გაღება გვიწევს, ვიდრე ევროპელებსა თუ ამერიკელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები