სპორტული დარბაზის აბონემენტის ფასი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება. ზოგიერთ ქვეყანაში ფიტნესკლუბის წევრობა უკვე დიდი ხანია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, თუმცა სხვაგან ის კვლავ შედარებით ძვირ მომსახურებად რჩება.
საერთაშორისო პლატფორმა Numbeo-ს მონაცემებით, რომელიც სპორტული კლუბის ერთთვიანი აბონემენტის საშუალო ღირებულებას 101 ქვეყანაში ადარებს, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც კლუბის წევრობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სერვისად მიიჩნევა.
რეიტინგის სათავეში უმეტესად მაღალშემოსავლიანი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არიან. ყველაზე ძვირი სპორტული დარბაზის აბონემენტი კატარშია, სადაც ერთი თვის წევრობის საშუალო ფასი 131 დოლარს აღწევს. მას მოსდევს ქუვეითი 109 დოლარით, სინგაპური – 101 დოლარით, შვეიცარია - 89 დოლარით და საუდის არაბეთი – 87 დოლარით.
ეს ქვეყნები გამოირჩევიან როგორც მაღალი მსყიდველუნარიანობით, ისე პრემიუმ ფიტნეს სერვისების ფართო არჩევანით, რაც საბოლოო ფასზეც აისახება.
ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოს პოზიცია. Numbeo-ს რეიტინგში ქვეყანა მე-19 ადგილს იკავებს, ხოლო სპორტული დარბაზის ერთთვიანი აბონემენტის საშუალო ღირებულება 55.77 დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ფიტნესკლუბის წევრობა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე არაერთ განვითარებულ ეკონომიკაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთსა და კანადაში.
საქართველოს მაღალი პოზიცია განსაკუთრებით თვალსაჩინოა რეგიონულ ჭრილშიც. მაგალითად, სპორტული დარბაზის წევრობა უფრო იაფია თურქეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და უკრაინაში.
რეიტინგის მეორე ბოლოში კი ძირითადად სამხრეთ აზიის ქვეყნები გვხვდება. ყველაზე იაფი სპორტული დარბაზის აბონემენტი შრი-ლანკაშია, სადაც ერთი თვის წევრობის საშუალო ღირებულება 12.45 დოლარია. მას მცირედი სხვაობით მოსდევს ბანგლადეში, ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, სადაც ფიტნესკლუბის მომსახურება 12-16 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
მონაცემები აჩვენებს, რომ სპორტული დარბაზის ფასები ყოველთვის არ ასახავს მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ დონეს. საქართველოში, სადაც საშუალო შემოსავლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება დასავლური ქვეყნების დიდ ნაწილს, ფიტნესკლუბის აბონემენტი მაინც მსოფლიოს ყველაზე ძვირიან ოცეულშია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის პარალელურად, ფიტნესსერვისების ხელმისაწვდომობა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.




























