თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა. დღეიდან თამბაქოს მოწევა აკრძალულია: შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა; საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება; სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.
თამბაქოს მოწევა ნებადართულია საცხოვრებელ ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციურ დაწესებულებაში; სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში.
კანონდამრღვევი იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი ჯარიმის შემთხვევაში კი 1000 ლარის გადახდა მოუწევს.
ჯარიმა შეეხება ფიზიკურ პირებსაც, მაგალითად, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოწევისთვის პირი 50 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით დაჯარიმების შემთხვევაში კი 100 ლარის გადახდა მოუწევს.

























