2025 მოგზაურობისთვის გარდამტეხ წლად იქცა, როცა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვეს ისეთმა ტენდენციებმა, როგორებიცაა შთაბეჭდილებებზე ორიენტირებული დასვენება და ნოსტალგიური ტურიზმი. მსოფლიო მასშტაბით ხელახალი აღმასვლა განიცადა "ველნეს", სათავგადასავლო და ეკო ტურიზმმა.
ამასთან, სულ უფრო მეტი ადამიანი მოგზაურობის დასაჯავშნად და დაგეგმვის პროცესის გასამარტივებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებს.
Tripadvisor-მა Travellers’ Choice Awards 2025-ის ფარგლებში, "საუკეთესოთა შორის საუკეთესო მიმართულებების" (Best of the Best Destinations) რეიტინგი გამოავლინა. აღნიშნული რეიტინგი ეფუძნება იმ ადგილებს, რომლებმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში Tripadvisor-ის საზოგადოებისგან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.
ლონდონი
ალბათ არავისთვის იქნება სიურპრიზი, რომ "საუკეთესოთა შორის საუკეთესო მიმართულებების" სიას წელს ლონდონი ხსნის. Tripadvisor-ის მომხმარებლები ვიზიტორებს ურჩევენ, მოინახულონ ქუჩის და ძველმანების ბაზრობები, დაესწრონ საფეხმავლო ტურებს, დაგეგმონ ერთდღიანი გასვლები და ჩაერთონ საშობაო აქტივობებში.
ბალი
რეიტინგში მეორე ადგილი ბალიმ დაიკავა, როგორც ძალების აღდგენისა და კულტურული დასვენებისთვის საუკეთესო ადგილმა. ის ასევე ლიდერობს Tripadvisor-ის 2025 წლის საუკეთესო კულტურული მიმართულებების სიაში.
"ტურისტებს აქ უსასრულო პლაჟები და მწვანე ლანდშაფტები დახვდებათ. მათ შეუძლიათ შეხვდნენ მზის ამოსვლის ბატურის მთაზე, შთამბეჭდავი ხედების სანახავად, ან დაათვალიერონ ტეგალალანგის ბრინჯის ტერასები, შემდეგ კი განწმენდის რიტუალისთვის ტირტაემპულის ტაძარს ეწვიონ.
დუბაი
2025 წლის საუკეთესო მიმართულებების სიაში მესამე ადგილი დუბაიმ დაიკავა, რომელიც ბოლო წლებში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილად იქცა.
მართალია, ქალაქის გლობალური ცნობადობის ზრდას ხელი ისეთმა ტენდენციებმაც შეუწყო, როგორიცაა "დუბაის შოკოლადის" ფენომენი, თუმცა ქალაქი სტუმრებს უმაღლესი დონის ფუფუნებასა და გასტრონომიულ გამოცდილებასაც სთავაზობს. ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ ისეთი საკულტო ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა ბურჯ-ხალიფა, ან ესტუმრონ გიგანტურ სავაჭრო ცენტრს Dubai Mall-ს.
სიცილია
2025 წელს სიცილიამ უკან მოიტოვა იტალიის ისეთი პოპულარული ქალაქები, როგორიცაა რომი და ვენეცია და Tripadvisor-ის სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ვულკანებით, პლაჟებითა და მრავალფეროვანი რეგიონული სამზარეულოთი გამორჩეული სიცილია რჩება ფავორიტად მათთვის, ვისაც ავთენტიკური იტალიის შეგრძნება ნაკლებად ხალხმრავალ გარემოში სურს.
მოგზაურებს შეუძლიათ ეწვიონ ევროპის ყველაზე აქტიურ ვულკანს - ეტნას, ან დაათვალიერონ რაგუზასა და ნოტოს ბაროკოს სტილის ქალაქები, ასევე არაბულ-ნორმანული არქიტექტურა პალერმოში. უფრო მშვიდი განტვირთვისთვის შესაძლებელია ჩეფალუს პლაჟებზე დასვენება ან ტრაპანიდან ეგადის კუნძულებზე ნავით გასეირნება.
პარიზი
მეხუთე პოზიცია პარიზს ერგო, მარადიული რომანტიკის, არქიტექტურისა და კულტურის გამო. ტურისტებს შეუძლიათ ავიდნენ ეიფელის კოშკზე, მოინახულონ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ლუვრში მსოფლიოში ცნობილი ხელოვნების ნიმუშები დაათვალიერონ ან მდინარე სენაზე კრუიზით ისიამოვნონ. ფრანგული კულტურისა და მაღალი მოდის გასაცნობად რეკომენდებულია ლე-მარეს გალერეების მონახულება ან შანზ-ელიზეზე განთავსებული მოდური ბუტიკების დათვალიერება.
TripAdvisor-ის საუკეთესო მიმართულებების ათეულში ასევე ხვდებიან: რომი, ჰანოი, მარაქეში, კრეტა და ბანგკოკი.
სოლო მოგზაურების ქვეკატეგორიაში საუკეთესო მიმართულებად სამხრეთ კორეის დედაქალაქი, სეული დასახელდა, თაფლობის თვის გასატარებლად კი TripAdvisor-მა მავრიტანია გამოარჩია.




























