სტუდენტობის პერიოდში ლაშა ლომიძემ და ლევან ლომთაძემ მინიმალური ინვესტიციით საპნის წაროება დაიწყეს. როგორც bm.ge-ს "ბარულის" თანადამფუძნებელი უყვება, მეგობრებმა ზესტაფონში საპნის საწარმოსთან ერთად მარანიც აამოქმედეს, სადაც იმერულ ღვინოებს წურავენ.
ლევან ლომთაძის თქმით, "ბარულის" მიერ წარმოებული საპონი და ღვინო ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ობიექტებში იყიდება. "დაახლოებით ექვსი წელია, რაც საპნის წარმოება დავიწყეთ, თავიდან ორი წელი სწავლის პროცესი იყო - როგორ უნდა დაგვემზადებინა ხარისხიანი, ჯანსაღი და სხვებისთვის სასარგებლო პროდუქტი, შემდეგ კი გაცნობაზე გადავედით, ვცდილობდით, ადამიანებისთვის ჩვენი წარმოების შესახებ ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რაც ასევე გრძელი და რთული პროცესი იყო, თუმცა საბოლოოდ, დაახლოებით სამი წლის წინ, მასშტაბური სახით გაყიდვა დავიწყეთ და ამჟამად ჩვენი საპონი "ჯიპისისა" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება.
რადგან ერთი პროდუქტი კარგი გამოგვივიდა, ვიფიქრეთ, რომ დრო იყო ახალი წარმოების დაწყება გვეცადა, რადგან იმერეთში ვცხოვრობთ და აქ თითქმის ყველა ოჯახში ღვინოს წურავენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახებიც მიყვებოდნენ ღვინის ტრადიციას, თუმცა პროფესიონალურ დონეზე ღვინის დასაწურად დიდი ცოდნა მივიღეთ. ახლა ციცქა-ცოლიკაურსა და კრახუნას, რომელსაც იმერეთში, სვირის ცენტრალურ მიკროზონაში გაშენებული ვენახებისგან მიღებული ყურძნით ვწურავთ, თბილისის სხვადასხვა რესტორნებსა და ღვინის ბარებში ვყიდით", - განაცხადა ლევან ლომთაძემ.
ორივე წარმოების დაწყებას თან სირთულეებიც ახლდა, "ბარული" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მთავარი ფინანსების ნაკლებობა იყო, რადგან ჯერ კიდევ სტუდენტებს მუშაობა და საკუთარი საქმიანობის პირადი თანხებით შენახვა უწევდათ.
"ჩვენ ჯერ საპნის და შემდეგ ღვინის წარმოება მინიმალური ინვესტიციით დავიწყეთ, შემოსულ თანხას მუდმივად უკან ვაბრუნებდით, უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად პარალელურად ვმუშაობდით და ამითაც ვინახავდით ჩვენს ბიზნესს. ფინანსების ნაკლებობის გამო ვერც რეკლამას ვაკეთებდით, რამაც ის გამოიწვია, რომ თავიდან ჩვენს საპონს არავინ იცნობდა, სააფთიაქო ქსელები პროდუქციის შეტანაზე უარს გვეუბნებოდნენ, თუმცა შემდეგ ერთ-ერთმა აფთიაქმა შანსი მოგვცა, სატესტოდ შეგვატანინა ჩვენი პროდუქცია და დადებითი გამოხმაურების შემდეგ თანდათან ჩვენ მიმართ ნდობაც გაიზარდა", - აცხადებს ლევან ლომთაძე.
ის BM.GE-სთან ყვება, რომ სამომავლოდ კიდევ ბევრი გეგმა აქვთ - ექსპორტი, წარმოების გაფართოება და სხვადასხვა სავაჭრო ცენტრებში მათი სტენდების განთავსება.
"ექსპორტზე გასვლას ვგეგმავთ, იმედი გვაქვს, რომ ამას მალე სისრულეშიც მოვიყვანთ, ასევე, გვინდა, რომ წარმოებაც გავზარდოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ჩვენი გაყიდვებით კმაყოფილები ვართ, ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის. გვინდა, რომ საქართველოს ბაზარი კიდევ უფრო ავითვისოთ, სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ მაღაზიებში შევიდეთ, ჩვენი სტენდები გავხსნათ და იმაზე ბევრად მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ, ვიდრე ახლა გვაქვს. საპონს მოთხოვნის მიხედვით ვამზადებთ, ღვინოს კი წლიურად 3 000 ბოთლს, რაც ამ ეტაპზე საკმარისი არ არის. დასაქმებულებიც ძირითადად ჩვენ ორნი ვართ, მხოლოდ დატვირთულ პერიოდში ვიმატებთ დამხმარეებს, დაახლოებით 10 ადამიანს, თუმცა წარმოების გაფართოების შემდეგ დასაქმებულების რაოდენობაც გაიზრდება", - ამბობს ლევან ლომთაძე.
ლაშა ლომიძე და ლევან ლომთაძე ამჟამად 6 სახეობის საპონს ქმნიან - ალოეს, ქოქოსს შვრიის ფანტელით, ვარდის, ყავის, ზეითუნისა და თაფლის - ყველა მათგანს განსხვავებული დანიშნულება აქვს, თუმცა ლომთაძე აღნიშნავს, რომ აქვთ საპნის სახეობებიც, რომლებსაც მხოლოდ შეკვეთით ამზადებენ. ეს ყველაფერი საოჯახო საწარმოში იქმნება, რომელიც მარნის გვერდით მდებარეობს და მისულ სტუმრებს დამზადების პროცესის ყურება და მასში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ, სივრცეში კი, სადაც ‘’ბარულის’’ ღვინო იქმნება, ღვინის დეგუსტაცია და იმერული ხედების ფონზე მსუბუქი ლანჩის მირთმევა.
რაც შეეხება ორი მეგობრის წარმოებული პროდუქციის საფასო პოლიტიკას, საპონი სააფთიაქო ქსელებში 5.50 ლარად იყიდება, რაც მისი თანადამფუძნებლის ცნობით, ძალიან მინიმალური თანხაა, რადგან ქვეყანაში გაძვირებული პროდუქციის ფონზე, მათი მოგების მარჟა თანდათან მცირდება, თუმცა მათთვის მთავარი არა კომერციული მოგება, არამედ კმაყოფილი მომხმარებელია. რაც შეეხება ღვინის საფასურს, ის 45-50 ლარს შორის მერყეობს.

























