მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად ვყიდულობთ და ვყიდით მწვანე ლობიოს, რომელიც ივნისში 45%-ით გაძვირდა?

მწვანე ლობიო

2026 წლის ივნისში, მწვანე ლობიოს ფასი 45.1%-ით არის გაძვირებული. BM.GE დაინტერესდა, თუ სად ვყიდულობთ და ვყიდით პროდუქტს, რომელიც ივნისის თვის ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მე-4 ადგილს იკავებს.

მწვანე ლობიოს იმპორტი საქართველოში შემცირებულია. 2026 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში $281 ათასი ღირებულების 437 ტონა მწვანე ლობიო შემოვიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტმა $383 ათასი და 645 ტონა შეადგინა. შედეგად, ღირებულებით იმპორტი 26.5%-ით, ხოლო მოცულობით 32.2%-ით შემცირდა.

მწვანე ლობიოს მთავარი საიმპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია. ოფიციალური საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველომ თურქეთიდან $268 ათასის ღირებულების 422 ტონა მწვანე ლობიო შეიძინა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია, საიდანაც იმპორტმა $12 ათასი და 14 ტონა შეადგინა. მცირე მოცულობით მწვანე ლობიო ასევე საფრანგეთიდან (დაახლოებით $600-ის) და ტაილანდიდან (დაახლოებით $200-ის) შემოვიდა.

რაც შეეხება ექსპორტს, მისი მოცულობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზე რჩება. 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ექსპორტზე $5 ათასი ღირებულების 2 ტონა მწვანე ლობიო გავიდა, მაშინ როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ექსპორტმა $3 ათასი და 3 ტონა შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის მოცულობა 28.1%-ით შემცირდა, ღირებულება 70.9%-ით გაიზარდა. ეს მიუთითებს, რომ წელს საქართველომ მწვანე ლობიო გაცილებით მაღალ ფასად გაყიდა. თუ 2025 წლის იანვარ-მაისში ერთი ტონა ექსპორტირებული მწვანე ლობიოს საშუალო ფასი 1,033 დოლარი იყო, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2,650 დოლარამდე გაიზარდა.

საექსპორტო ბაზრებს შორის პირველ ადგილზე სომხეთია, სადაც საქართველომ 1.7 ტონა მწვანე ლობიო გაყიდა და $3.8 ათასი მიიღო. მას მოჰყვება კანადა, სადაც 500 კილოგრამი პროდუქტის ექსპორტიდან $1.2 ათასი შემოსავალი დაფიქსირდა, ხოლო რუსეთში 100 კილოგრამი მწვანე ლობიო $300-ად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები