საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში პირველი გემის შესვლა არარეალისტურად ეჩვენება. “მარტივად რომ ავხსნათ: ძალიან ბევრი ფულიც რომ გქონდეს, 10-სართულიან სახლს 10 დღეში ააშენებ?! როდესაც საუბარია ასეთ მასშტაბურ საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, სადაც ტენდერების კი არ [გამოგიცხადებია] და ამას ემატება სახელმწიფო მანქანის მოუქნელობა, 2029 წელს გემის მიღება წარმოუდგენელია”, - განაცხადა მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” სადაც ინტერვიუს მთავარი თემა მთავრობის მიერ ანაკლიის ე.წ. ლენდლორდის მოდელით ანაკლიის აშენების გადაწყვეტილება იყო.
გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ წმინდა კომერციულ საფუძვლებზე ანაკლიის მასშტაბის პორტის აშენება კერძო ინვესტორებისთვის ეკონომიკურად წამგებიანი და თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული „ლენდლორდის მოდელი“ (სადაც სახელმწიფო იღებს ძირითად ფინანსურ ტვირთსა და მართვას) მისი აზრით, რეალისტურია, რადგან ამცირებს კერძო ოპერატორების რისკებს, თუმცა ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ ყველაზე მთავარია, მთავრობას წინასწარ ჰქონდეს შეთანხმება იმ კომპანიებთან, ვინც მზადაა, ანაკლიის პორტში სატერმინალო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები ჩადოს. ყოფილმა მინისტრმა ორი კომპანიაც დაასახელა.
ამასთან, გიორგი ქობულიას ძირითადი შეკითხვა პორტის ამოქმედების ვადებს კი არ ეხება, არამედ სტრატეგიულ გათვლებს. მას აინტერესებს, არსებობს თუ არა ანაკლიისა და ფოთის პორტების შედარებითი ანალიზი. მისი თქმით, ფოთში საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უკვე მიყვანილია, ანაკლიაში კი ამ ყველაფრის ნულიდან გაკეთებაა საჭირო, ამიტომ ხელისუფლებამ არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს, რატომ მიენიჭა უპირატესობა ანაკლიას.
"მე არც ფოთის პორტს ვემხრობი და არც - ანაკლიის პორტს, მე ვემხრობი იმას, რაც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ეფექტიანი. დღეს, მაგალითად, მე ვუსვამ კითხვას ხელისუფლებას: სად არის შედარებითი ანალიზი - ანაკლია აშენდეს თუ ფოთის პორტი [გაფართოვდეს]?!", - აცხადებს ყოფილი მინისტრი.
ინტერვიუ გიორგი ქობულიასთან
- ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ანაკლიის პროექტის განხორციელებას სამი გეოპოლიტიკური მოთამაშის - ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის თანაბარი, 25-25-25-პროცენტიანი მონაწილეობით ხედავდით. დღეს ხელისუფლება აცხადებს, რომ პორტს ე.წ. „ლენდლორდის მოდელით“ ააშენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტს ძირითადად სახელმწიფო დააფინანსებს და თავადვე მართავს. ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს ყველაზე ეროვნული მოდელია. თქვენი აზრით, მართლაც საუკეთესო გზაა თუ რეალობა ისაა, რომ მთავრობას სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, რადგან წინა მცდელობები უშედეგოდ დასრულდა - რა არის სიმართლე?
- სიმართლე ის არის, რომ წმინდა კომერციულ საფუძვლებზე ასეთი პორტის აშენება, განსაკუთრებით საქართველოში, საერთოდ წარმოუდგენელია. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: არ ვთვლი, რომ ანაკლიის პორტის კონსორციუმმა ცუდი სამუშაო ჩაატარა. პირიქით, ბევრი იწვალეს, მაგრამ ინვესტორები ფიზიკურად ვერ მოიზიდეს. ეს მოხდა არა იმიტომ, რომ მათ ხელისუფლებამ შეუშალა ხელი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები კერძო ინვესტორებისთვის ეკონომიკურად ძალიან რთული გამოსათვლელია მოგების თვალსაზრისით. ამიტომ თუ ინვესტორის მოზიდვა გვინდა, სახელმწიფოს მეტი თანამონაწილეობაა საჭირო.
ჩემ მიერ ადრე დასახელებული მოდელი იმიტომ იყო ჩემი აზრით მომხიბვლელი, რომ სახელმწიფო მონაწილეობასთან ერთად, მსოფლიო დონის პოლიტიკური ძალების დაბალანსებას მივაღწევდით; თუმცა დღეს ხელისუფლებამ რა სტრუქტურაც შემოგვთავაზა, არც ის არის ცუდი. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოს, როგორც ინვესტორის, დიდი წილი პროექტს კერძო პარტნიორებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველს ხდის - მათ ნაკლები კაპიტალის ჩნდება მოუწევთ.
ზოგს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: თუ კერძო სექტორისთვის არ არის მიმზიდველი, სახელმწიფომ რატომ უნდა ჩადოს ფული? საქმე ის არის, რომ ასეთ პროექტებში სახელმწიფო ბევრად მეტ არაპირდაპირ სარგებელს იღებს, ვიდრე კერძო პირი. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პორტის წმინდა კომერციული მოგება, არამედ ის, რომ გაიზრდება რკინიგზის ტვირთბრუნვა და შემოსავლები, განვითარდება მომსახურე ბიზნესები და დასაქმდება ხალხი, ამიტომ დღევანდელი მოდელი პროექტის შესრულებას უფრო რეალისტურს ხდის. სხვაგვარად, ვხედავთ, რომ ჩემი მინისტრობის შემდეგ 8 წელი გავიდა და პროგრესი არ გვქონია…
- ბოლო ორი წელი ჩინურ კონსორციუმთან (CCCC) მოლაპარაკებების დასრულებას ველოდით. თქვენ ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში ამბობდით, რომ ნებისმიერი გონიერი ინვესტორი ანაკლიაში სახელმწიფოსგან ტვირთბრუნვის გარანტიებს მოითხოვდა. თქვენი ინფორმაციით ან ვარაუდით, ჩინურმა მხარემაც სწორედ ეს გარანტიები მოითხოვა და შეთანხმება ამიტომ ვერ შედგა თუ აქ სხვა პოლიტიკური კონტექსტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დასავლეთთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა აქვს და გადატვირთვას ცდილობს?
- მე არ ვარ ჩახედული ამ მოლაპარაკებების დეტალებში, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ის ჩინური კომპანია ძირითადად სამშენებლო პროფილით ოპერირებდა და არა - ტვირთგადაზიდვებით. აქ კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროექტში ტვირთგამტარების ჩართვა.
შეიძლება, ჩინურმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღოს მშენებლობაში და შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ წილი აიღოს პროექტში. ეს არ იქნება ცუდი კონსტრუქცია, რადგან იმ ნაწილის აშენება, რასაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე, ჩვენი მთავრობისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.
- გამოწვევა რა მიმართულებით - ფინანსების მოძიების თუ პოტენციური ოპერატორების დარწმუნების კუთხით, რომ სატერმინალო ინფრასტრუქტურა მოაწყონ?
- ყველაფერში ერთად. ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის მენეჯმენტი და შემსრულებლების კოორდინაცია უზარმაზარ სამუშაოს მოითხოვს, რაც მარტივი არ არის. თუ ჩინურ კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება მშენებლობაში, მათი შემოსვლა კარგი იქნებოდა, თუმცა ყველაზე მთავარია, სამუშაოების დაწყებამდე წინასწარ არსებობდეს შეთანხმება იმაზე, თუ ვინ აიღებს ანაკლიაში ტერმინალებს საოპერაციოდ.
- თქვენ როგორ დაიწყებდით ამ მიმართულებით მუშაობას და რა კითხვები გიჩნდებათ, როგორც პროფესიონალს? ფაქტობრივად, დღეს არაფერი ვიცით. ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, რომ ინტერესი დიდია როგორც დასავლეთიდან, ისე აზიიდან, თუმცა არცერთი კონკრეტული კომპანია არ დასახელებულა. რამდენად მარტივი იქნება ოპერატორების მოძიება?
- აქ დასამალი და განსაკუთრებული არაფერია, ყველაფერი ზედაპირზეა. საუბარია იმ გიგანტებზე, რომლებიც დღეს ჩვენს რეგიონში ძირითად ტვირთბრუნვას უზრუნველყოფენ. ესენია ჰოლანდიური Maersk-ი და შვეიცარიული MSC, რომელსაც საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვის 50%-ზე მეტი უჭირავს. აი, ამ კომპანიებმა უნდა განაცხადონ [ინტერესი] პირველ რიგში. ახალი ან უფრო მცირე ოპერატორებიც შეიძლება შემოვიდნენ, მაგრამ მთავარ მოთამაშეებთან წინასწარი მემორანდუმის გაფორმების გარეშე ინვესტიციის დაწყება უდიდესი რისკია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმას, რაც ბოლო 10 წელში ვნახეთ.
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ [ანაკლიაში] ტერიტორია ატალახდა და რეალურად არაფერი გაკეთებულა. ჯერ ერთი, მე არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ 2029 წლისთვის პროექტი დასრულდება და ანაკლია პირველ გემს მიიღებს. ეს აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას.
- ჩვენც ხშირად ვსვამთ კითხვას, რომ ჯერ პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის ტენდერებიც კი არ არის გამოცხადებული... მაგრამ თქვენი არგუმენტი რა არის?
- მარტივად რომ ავხსნათ: ძალიან ბევრი ფულიც რომ გქონდეს, 10-სართულიან სახლს 10 დღეში ააშენებ?! ვერა, რადგან ტექნოლოგიურ პროცესს, ბეტონის გაშრობას თავისი დრო სჭირდება. როდესაც საუბარია ასეთ მასშტაბურ საზღვაო ინფრასტრუქტურაზე, სადაც ტენდერებიც კი არ დაგიწყია და ამას ემატება სახელმწიფო მანქანის მოუქნელობა, 2029 წელს გემის მიღება წარმოუდგენელია. სახელმწიფო ნაწილის აშენების შემდეგ, ტერმინალის ოპერატორებმაც ხომ უნდა მოაწყონ საკუთარი ინფრასტრუქტურა?! ეს პარალელურადაც რომ მოხდეს, მაინც უაღრესად რთული და დროში გაწელილი პროცესია. არ ველოდები, რომ 2029 წელს ანაკლიაში გემი შევა.
- რამდენად აზიანებს პროექტს ასეთი ფუჭი მოლოდინების შექმნა? და საერთოდ, რამდენად არის „ქართული ოცნებაში“ პოლიტიკური ნება, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს?
- ფაქტია, რომ ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა (ანაკლია იქნება ეს თუ ფოთი) მოდერნიზაციას მოითხოვს. თუ ეფექტურობას არ გავზრდით, არსებულ ტვირთებსაც დავკარგავთ, რადგან რუსეთშიც მოხდება სტაბილიზაცია და შეიძლება ტვირთები იქით გადავიდეს; აგერ ირანია და შეიძლება ირანზე გადავიდეს... ამდენად, მე ძირითადი კითხვა იმაზე კი არ მაქვს, 2029 წელში შევა პირველი გემი ანაკლიაში თუ 2030 წელს. კარგი, 2032 წელს მაინც რომ შევიდეს, ბედნიერი ვიქნებოდი. ძირითადი კითხვა მაქვს იმაზე, რომ დღეს ამხელა ფული უნდა დავხარჯოთ ამაში... აი, თქვენც საუბრობდით ფოთის პორტზე. მე არც ფოთის პორტს ვემხრობი და არც - ანაკლიის პორტს - მე ვემხრობი იმას, რაც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ეფექტური. დღეს, მაგალითად, მე ვუსვამ კითხვას მთავრობას და ხელისუფლებას: სად არის შედარებითი ანალიზი - ანაკლია აშენდეს თუ ფოთის პორტი [გაფართოვდეს]?! ფოთში რკინიგზა და გზები მაინც არის უკვე მიყვანილი. მე ვეკითხები მთავრობას - რატომ ვაკეთებთ ანაკლიას? შეიძლება მე ვცდები, მე არ მაქვს ეს ანალიზი, მაგრამ კითხვას ვსვამ: გაქვთ გაკეთებული შედარებითი ანალიზი ანაკლიასა და ფოთს შორის?
- ფოთის პორტის ინვესტორი (APM Terminals) ბოლო წლებია გამოთქვამს მზაობას რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიციით პორტის გასაფართოებლად, თუმცა მთავრობისგან ოფიციალურ პასუხს ვერ იღებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს სწორედ ანაკლიის პრიორიტეტულობის გამო ხდება…
- იცით, რისი თქმა მინდა? ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება [ანაკლიის პორტი], ეს მართლაც საჭირო პროექტია, მაგრამ თემა ძალიან გადავიდა პოლიტიკურ ჭრილში… სინამდვილეში, ახლა ხალხი რას ფიქრობს? - აი, სამ წელიწადში შეიძლება მინისტრთა კაბინეტი (როგორც ვხედავთ, ორ წელიწადში ერთხელ იცვლება) კიდევ ერთხელ შეიცვალოს; მოვლენ ახლები და იტყვიან, რომ ვინც მათ წინ იყვნენ, არასწორად ფიქრობდნენ და შეცდნენო - ზუსტად ისე, როგორც დღევანდელი მთავრობა ამბობს. ხომ ამბობენ, წინა მთავრობებს ეშლებოდათ და ჩვენ მაგაზე პასუხს არ ვაგებთო. არადა, როგორ ხდება - 2012 წლიდან, პრინციპში, ერთი და იგივე მმართველი პარტია არ მართავს ქვეყანას?
- დიახ. როგორ შეიძლება, რომ ყოველი ახალი მინისტრთა კაბინეტი წინას აბრალებდეს, ისინი ცუდად მუშაობდნენო… არა მხოლოდ ცუდად მუშაობაზე, კორუფციაზეც კი ემიჯნებიან “ოცნების” წინა პრემიერებს და მინისტრებს…
- ზუსტად იგივე მოხდება, როცა 2029 წელი მოვა. თქვენ ისევ იკითხავთ - სად არის პირველი გემიო, დაგხვდებათ ახალი მინისტრთა კაბინეტი და იტყვიან: ახლა ჩვენ არ ვიცით, იმან რა თქვა, ჩვენ რა შუაში ვართო...




























