ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ ბანკს, არამედ მთლიანად ქვეყანას დააზიანებს.
„ეროვნული ბანკის მოთხოვნა არც ლოგიკურია და უფრო მეტიც - არის ამაზრზენი. დიდი ხანია დამსხვრეულია მითი იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი და თავად სებ-ის ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ის არ არის დამოუკიდებელი.
სებ-მა „თიბისი ბანკი“ 2007-2008 წლებში შეამოწმა, შესაბამისი სანქციები გამოსცა, მას მერე არაერთმა აუდიტორულმა კომპანიამ შეამოწმა „თიბისი ბანკი“, დადეს დასკვნა-მტკიცებულებები და დღეს 10 წლის მერე, როდესაც ხანდაზმულობის ვადა არის გასული, ისევ ამ თემის უკან შემოტრიალება და სებ-ის მხრიდან ამის მოთხოვნა, როდესაც არანაირი მტკიცებულებები ჯერ არ არის, სასამართლო პროცესი არ გამართულა, ამის ფონზე ასეთი გადაწყვეტილება არის ქვეყნისთვის საზიანო", - აცხადებს ის.
ცომაია ამბობს, რომ ჯაფარიძისა და ხაზარაძის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს და ეს ეჭვს არ იწვევს.
„ფაქტია, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილისგან დევნა და ეს ეჭვს არ იწვევს. ეროვნული ბანკის წევრები არიან ამ ადამიანის ინტერესების გამტარებლები, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ მის გადაწყვეტილებას ითვალისწინებენ მაშინაც, როდესაც არამხოლოდ "თიბისის", არამედ ქვეყანას ექმნება პრობლემა.
მე არ მინდა აპოკალიპტური სურათი დავხატო, მაგრამ როგორ მოიქცევიან საერთაშორისო ინვესტორები არავინ იცის.“ - განმარტავს ის.
ფინანსისტი ასევე ამბობს, რომ თუ „თიბისი ბანკს“ ასე ექცევიან, მაშინ სხვა, უფრო მცირე ბიზნესები საერთოდ დაუცველები არიან დღევანდელ რეალობაში.
„ეს ცალსახად გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ ამ ქვეყანაში შემოსვლა არ შეიძლება. თუ „თიბისი ბანკს“ ასეთ რამეს უკეთებენ და ეს შეუძლიათ, წარმოიდგინეთ ვისაც „სახაჭაპურე“ ან სხვა ბიზნესი აქვს, რამდენად დაუცველია ამ საზოგადოებაში. შესაძლებელია, თუ არა ამ ქვეყანაში საერთოდ რაიმე ბიზნესის კეთება, ეს არის შეტყობინება, რომელიც ამ ნაბიჯით გაუგზავნა ეროვნულმა ბანკმა", - განაცხადა მან.
აკაკი ცომაია ამბობს, რომ „თიბისი ბანკი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ინსტიტუტია.
„მე არ მეგულება რომელიმე ინსტიტუტი, ფირმა, კომპანია, რომელიც "თიბისი ბანკზე" გამჭვირვალეა. მისი ფინანსები, დეკლარაციები, შემოსავლები, ხარჯები ქვეყნდება და ცნობილია ყველასთვის. ყველაზე ცნობილი კომპანიები ამოწმებენ და ანიჭებენ რეიტინგს. ამაზე გამჭვირვალე ინსტიტუტი საქართველოს რეალობაში არ გვყავს", - განაცხადა მან.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს.

























