2024 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 145 მილიონი ლარი სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 67 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (₾34 მლნ) 2-ჯერ აჭარბებს. ამის შესახებ სადაზღვევო ბაზრის 6 თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 712 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 121 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობით დაზღვევის შემდეგი 5 სახეობა ლიდერობს:
- სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა - ₾341 მლნ;
- სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - ₾131.5 მლნ;
- ქონების დაზღვევა - ₾73.1 მლნ;
- სიცოცხლის დაზღვევა - ₾54.7 მლნ;
- სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა - ₾16 მლნ.
ამასთან, გაზრდილია სადაზღვევო კომპანიების როგორც კაპიტალი, ასევე აქტივები. კერძოდ, აქტივების ჯამური მოცულობა 1 მილიარდ 564 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 431 მილიონ ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, 30 ივნისის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.